"დაშლა გვინდა, ჩვენი მიზანი შესრულებულია, "პრაიდი" არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს"

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი პარლამენტთან ყოფნის მიზანს ვეღარ ხედავს. 

„დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, "პრაიდი" არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. მე ალბათ წავალ. შეიძლება, ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ანტისაოკუპაციო აქციისა და კონტრაქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან რჩებიან. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფთ. 

ცნობისთვის: ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კი კინო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე მართავდნენ მიტინგს და  ითხოვდნენ, მათთვის სამართალდამცველებს მიეცათ უფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლების, სადაც მოშიმშილეები და ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების ნაწილი რჩებოდა. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მათ ამის საშუალება მხოლოდ გამთენიისას, მას შემდეგ მიეცათ, რაც პოლიციამ ე.წ. ყვითელი ავტობუსებისგან გაკეთებული კორდონი გახსნა. 

ღამის განმავლობაში ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. სავარაუდოდ, კონტრაქციის მონაწილემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს თავში ქამარი ჩაარტყა. დაშავებულს ექიმების დახმარება დასჭირდა.  ამასთან, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ბოთლები რამდენჯერმე დაუშინეს.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტთან აქციას უკვე მე-20 დღეა მართავენ, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კი რუსთაველის გამზირზე გუშინ მივიდნენ. მათი განცხადებით, ლგბტ თემს დედაქალაქის მთავარ გამზირზე „პრაიდის“ ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, თუმცა აღნიშნული ღონისძიების რუსთაველზე გამართვა დაანონსებული არც იყო. „პრაიდი" გუშინ საღამოს შსს–სთან გაიმართა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp