უსუფაშვილი – კადიროვს: "საკუთარი ხალხის სირცხვილი ხარ!"

საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია - ქართველი ხალხის სირცხვილი, - ასე პასუხობს პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს.


„გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია - ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და, არსად გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ,“ - წერს დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კადიროვი გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინისადმი ტელეეთერში გაჟღერებულ არაეთიკურ მიმართვას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა