ოპოზიციაში მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ

საპარლამენტო ოპოზიციის რიგი წევრები "თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მამუკა ხაზარაძის განაცხადი, ნიშნავს რომ ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პარტიად მალევე გადაკეთდება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია:

„მე მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩემი გუნდი, ჩვენი გუნდი, „ევროპული საქართველო“, ჩვენი პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“ არის ის გუნდი, ვისაც შეუძლია, რომ ივანიშვილის მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ, ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, დიდს თუ პატარას, ახალს თუ ძველს, რომელიც ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, უფრო სწორად, ერთი ღირებულებები გვაქვს, მივესალმები და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად".

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი რომან გოცირიძე:

„პირად განაწყენებაც გასაგებია მისი მხრიდან და იმედია, რომ ეს არ დარჩება მხოლოდ პირად შურისძიებად ივანიშვილის მისამართით და ის იქნება ადამიანი, რომელიც გაცნობიერებულად და შეგნებულად იმუშავებს საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარებისთვის. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ივანიშვილთან იყვნენ, ბუნებრივია, რომ მათ აქვთ საკუთარი წვლილი  ივანიშვილის რეჟიმის შექმნასა და განმტკიცებაში და საკუთარი ცოდვები, მაგრამ დღეს უკვე ამის დრო არ არის".

„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი სერგი კაპანაძე: 

„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ძალა, რომელიც იქნება პროდასავლური, არ იქნება პუტინის მოკავშირე, იქნება არაქსენოფობიური და არ იქნება გარიგებაში ან დაქვემდებარებაში ოლიგარქთან, ჩვენი პოტენციური მოკავშირეა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ხაზარაძე თუ სხვა, მასთან თანამშრომლობას პოტენციურად განვიხლავთ“.

დღეს “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ხაზარაძის გვერდით შესაძლოა, იყვნენ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები – ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავარია ვაზისუბანში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები