"შსს-მ კიდევ ერთხელ სცადა, გამოეყენებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი პრორუსული ძალები, რათა სამშვიდობო მანიფესტაცია დაეშალა"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების მიერ გუშინ პარლამენტის წინ აქციის გამართვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგ ჯერზე სცადა, გამოეყენებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი პრორუსული ძალები იმისთვის, რომ დაეშალა სამშვიდობო მანიფესტაცია"

"იგივე ვნახეთ „ბასიანის“ დემონსტრაციების დროს. ახლა სცადეს, რომ იგივე გაეკეთებინათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც 19 დღეა აპროტესტებენ ოკუპაციას და ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, სახლში არ წავიდნენ და ჯიუტად განაგრძეს დემონსტრაცია იმ ადგილზე, სანამდეც მოახერხეს მისვლა. დღეს ჩვენ ერთად შევუერთდით იმ რამდენიმე ადამიანს, რომელიც სცენაზე იყო დარჩენილი და ვაპირებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე ჩვეულებრივ განვაახლოთ მშვიდობიანი დემონსტრაციები, ისევე როგორც ეს ხდებოდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც თვითონ ამ ხელისუფლებამ შექმნა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ამის შემდეგ ეს დემონსტრაცია დაიშლება და მთავრობას ექნება შანსი მიხედოს იმ პრობლემებს, რომელიც უხვად დაუგროვდა მისი უმოქმედობის შედეგად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს და ანტისაოკუპაციო აქციის მხარდამჭერებს მიტინგის გამართვის საშუალება არ მისცეს. თუმცა ანტისაოკუპაციო აქციის მხარდამჭერები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ამის შემდეგ, თითქმის რვა საათი, ისინი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მართავდნენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა