"მინდა, ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან. ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია და ქვეყნის დესტაბილიზაცია. მინდა ყველას, შიგნით და გარეთ მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ, მივმართავ ძალებს, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიედ ამ ქვეყნის სტაბილურობას მის მთავარ მონაპოვარს, მთავარ ღირებულებას რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმის ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს, მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პატრიოტიზმის სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა.

„მოვუწოდებ იმ ძალებს, რომლებსაც პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ, ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. პროპორციულ სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს. ყველას მოგიწოდებთ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ შევთავაზე ყველას ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა, ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის სტაბილური მომავალი და წინსვლა სურს, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში განვითარებული მოვლენები  “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, კრემლმა საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. დღეს კი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა  საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ  კრემლში "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამოც გაღიზინდნენ.  



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი