რუსული ინიციატივა – სახინკლეებს საპელმენეები დაერქვას და "ხაჭაპურს" “პიშკა”

რუსეთის „კომუნისტური პარტიის“ თავმჯდომარე იაროსლავ სიდოროვი „როსპოტრებნადზორს“ მიმართავს ინიციატივით, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სახინკლეებს სახელი გადაარქვან და საპელმენეები უწოდონ.

ამასთან, მისივე თქმით,  „ხაჭაპურს“ “პიშკა” უნდა უწოდონ.

“საქართველოში შექმნილი ისტერიის შემდეგ ყველაზე ხისტი საპასუხო ზომებია მისაღები. ყველგან ქართული სამზარეულოა.  ეს აკნინებს რუსეთს.  სახინკლეებს საპელმენეები უნდა დაერქვას, რაც შეეხება „ხაჭაპურს“, ეს ჩვეულებრივი რუსული “პიშკაა”. "ხაჭაპურსაც" “პიშკა” უნდა ვუწოდოთ”, – განაცხადა სიდოროვმა. 

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში განვითარებული მოვლენები  “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, კრემლმა საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. დღეს კი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა  საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ  კრემლში "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამოც გაღიზინდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp