რაზე ესაუბრა შს მინისტრი ექსპერტებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების ექსპერტებს შეხვდა. როგორც გაირკვა, შეხვედრის ინიციატირო თავად შს მინისტრი იყო და ღონისძიება ორ – დახურულ და ღია ფორმატში გაიმართა. "აქცენტი" შეხვედრის ერთ–ერთ მონაწილეს, ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. 

"ბუნებრივია, მთავარი თემა 20-21 ივნისის მოვლენები იყო. შეხვედარას ჰქონდა როგორც კონფიდენციალური, ისე ღია მხარე. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ღია ნაწილთან დაკავშირებით შემიძლია, ვთქვა შემდეგი:  მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციაზე მიტანილი შტურმის შემდეგ მომიტინგეთა დაშლის გადაწყვეტილება ლეგიტიმური იყო, რისი ბრძანებაც პირადად მან გასცა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ისეთ დეტალებს და ტექნიკურ საკითხებს, როგორიცაა გამოყენებული იარაღი (მათ შორის ტყვიები), ინციდენტები აქციის დაშლისას (მათ შორის პოლიციის ფარების, ჩაფხუტების, ხელკეტების და ა.შ. გამოტაცვის ფაქტები). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო გადაცდენების თემას, რასთან დაკავშირებითაც ყველანი ველოდებით გამოძიების შედეგებს.

პირადად მე შეხვედრაზე დავსვი საქართველოში პრორუსული ძალების, "ტროლებისა" და "ბოტების" გააქტიურების საკითხი, რადგან მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასევე ვისაუბრე ბოლო პერიოში რუსეთის მხრიდან დაწყებულ ფაქტიურ შტურმზე საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, რომელთან გამკლავებაც საქართველოს ყველა მოქალაქის ერთობლივი მოვალეობაა. ამ საკითხზე შემდეგნაირი პასუხი გაგვცა: "საქართველო დასავლური ორიენტაციისაა და მას ამ მიმართულებას ვერავინ შეაცვლევინებს".

კიდევ ერთი თემა, რომელზეც შეხვედრისას ვისაუბრეთ, შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც უსაფრთხოების საბჭოა, სადაც უნდა მოხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მოსალოდნელ საფრთხეებთან გამკლავების მიზნით სტრატეგიებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების თემატიკასაც. 

შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ მსგავსი მსგავსი საექპერტო სახის დიალოგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს".

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი