მე–20 დღე: აქცია "სირცხვილია" განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილია!" განახლდა. დემონსტრანტები დღეს მეოცედ შეიკრიბნენ იგივე მოთხოვნით – გადადგეს შს მინისტრი. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს საპროტესტო აქციაზე სიტყვით სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გამოვლენ.

“გუშინდელი რთული დღის შემდეგ ვფიქრობთ, რომ გავიმარჯვეთ იმ თვალსაზრისით, რომ მოვახერხეთ მშვიდობიანი კალაპოტიდან არ გადავსულიყავით. ვრცელდება ინფორმაციები, თითქოს პროვოკაციებს ვუწყობდით აქ მდგომ აქციის მონაწილეებს - ეს არის ტყუილი. ჩვენ ვიყავით ალყაშემორტყმული, ყველანაირი საშუალება მივეცით, რომ შევერთებულიყავით და ერთად გაგვეპროტესტებინა რუსეთის ოკუპაცია, მაგრამ ამაზე არ დაგვთანხმდნენ.

დღეს აქ გამოვლენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რადგან ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვალიფიკაცია მიეცეს ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა და ეს პროფესიონალმა ადამიანებმა გააკეთონ”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

ცნობისთვის: ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. რუსთაველის გამზირზე გუშინ ღამით პარალელურად “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ მიმართული აქციაც მიმდინარეობდა, რის გამოც რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp