"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საუბარია იმ მიზეზებზე, რის გამოც "ღირსების მარშის" გეგმის მიხედვით ჩატარება ვერ მოხერხდა.  

ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფებად მოიხსენიებდნენ. უწყებამ უარი თქვა მათთან პირდაპირ კონტაქტსა და თანამშრომლობაზე. ასევე, არ დააკმაყოფილა ორგანიზატორთა თხოვნა, გამოეყო ტრანსპორტი მონაწილეთა გადასაყვანად.  

"7 ივლისს მათ სახალხო დამცველის მეშვეობით შემოგვითვალეს: "რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება." სამინისტრომ ასევე უარი გვითხრა ჩვენს თხოვნაზე უზრუნველყოფა გაეკეთებინათ ასობით მონაწილის შეკრების ადგილებიდან მარშის დაწყების პუნქტამდე სატრანსპორტო საშუალებით გადაყვანაზე. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ თბილისი პრაიდი “პროვოკაციას აწყობს” და რომ ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას. სამინისტროს წარმომადგენლებიც და მმართველი პარტიის ლიდერებიც თანმიმდევრულად ცდილობდნენ პრაიდის დელეგიტიმაციას - ისინი ჩვენ ღიად მოგვიხსენიებდნენ ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფად,"-ნათქვამია განცხადებაში.  

პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრები მათ ბოლო კვირების განმავლობაში დახურულ ხსდომებზე ღირსების მარშის გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან "ხედავდნენ რისკებს" და არ შეეძლოთ მათი დაცვა. თუმცა, ორგანიზატორებს სჯერათ, რომ დაცვაზე უარი პოლიტიკური ნების არქონის გამო მიიღეს.   

"საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების მხრივ ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ თბილისში ხანმოკლე მშვიდობიანი აქციის გამართვის დაშვებას თავისთვის პოლიტიკურად წამგებიანად აღიქვამს, ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის და არც მისი დაცვის პოლიტიკური ნება არსებობს."

როგორც "თბილისი პრაიდის" განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ ხილვადობა და  "საქართველოს ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა რამდენიმე პოლიტიკური რეფორმის აუცილებლობის საკითხი." პრაიდი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელებას გეგმავს და არაერთი პოლიტიკური, კულტურული სოციალური ღონისძიების განხორციელებას აანონსებს.  

"თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული "ღირსების მარში" 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ორგანიზატორებმა მარში გადადეს. ახალ თარიღად 8 ივლისი დასახელდა. გუნდმა და უახლოესმა მხარდამჭერებმა 8 ივნისს  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტიზანული აქცია გამართეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავარია ვაზისუბანში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები