რა გამოავლინა "ქართული ოცნების" მიერ პროვოცირებულმა ბოლო პერიოდის მოვლენებმა

"ქართული ოცნების" მიერ პროვოცირებულმა ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ:

1. საქართველო თურმე არ ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ 2019 წლის ივლისისათვის ჩვენი სამშობლო რუსეთის ერთგვარ გუბერნიად ქცეულა.

2. თურმე საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკა, პოლიტიკაც და სტაბილურობა თუ განვითარება თითქმის სრულად ჩამოკიდებულია რუსეთზე და რუსეთის პრეზიდენტის "კეთილ" ნებაზე. 

3. საქართველოს ხელისუფლება არის ან ხელშემწყობი რუსული პოლიტიკისა ან პირდაპირი გამტარი ან მძევალი.

4. საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა თურმე იქით უნდა ეხვეწოს რუსეთს, რომ არ ჩაუკეტოს ბაზარი, კიდევ უფრო არ დააჩქაროს ოკუპაცია, არ შეწყვიტოს კომუნიკაცია როგორც რუსებსა და ქართველებს შორის, ასევე რუსეთში მყოფ ქართველებსა და საქართველოს შორის.

5. საქართველო საერთო ჯამში მარტოა, რადგან არ ცდილობს განვითარებას, რაც ევროპასთან ინტეგრაციის მთავარი წინაპირობაა. ევროკავშირი საქართველოში დებს რესურსებს განვითარებისათვის, თუმცა ჩვენ გვსურს არა კიდევ უფრო მეტი

განვითარება, არამედ ბავშვური გულუბრყვილობით ვითხოვთ ყველასთვის ასეთები ვიყოთ სასურველი, რაც შეუძლებელია.

6. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდში დაუბრუნდა საბჭოეთის შედარებით მოდერნიზებულ ვარიაციას, სადაც ჩაკეტილი და რეგრესული ჯგუფები ცდილობენ დომინირებას და ფსევდოეროვნული, ფსევდორელიგიური თუ ფსევდოკონსერვატული, სინამდვილეში კი ტიპური საბჭოური იდეოლოგიით საქართველოს წარსულში დაბრუნებას, რომელსაც ირიბად კიდეც წაახალისებს ხელისუფლება.

7. სამწუხაროდ, პოლიტიკური ჯგუფები იმდენად არიან დაკავებულები საკუთარი კერძო ინტერესებით, რომ მაქსიმალურად ხელს უშლიან ნათელი სივრცეების შექმნასა თუ განვითარებას და ხან უნებლიედ, ხანაც ნებით თამაშობენ ხელისუფლების და მის უკან მდგომი გავლენის ჯგუფების თამაშში ერთვებიან.

8. საქართველოში თითქმის არ არსებობს არადისკრედიტირებული ჯგუფი თუ ინსტიტუცია, მოსახლეობა არის მუდმივ სტრესში და დათრგუნული და რადგანაც თითქმის არ გაგვაჩნია ნდობის ჯგუფები, ხელი ეწყობა ფსევდოლიდერების, სინამდვილეში კი ცრუ ბელადების აღზევებას.

9. ჩვენი სამშობლო, სამწუხაროდ დღეს წარმოადგენს ერთგვარ შაგრენის ტყავს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვაგლიჯავთ წილს, ყოველდღიურად ვამცირებთ და ასე თუ გავაგრძელებთ, ერთ დღესაც, ისე, რომ აზრზეც ვერ მოვალთ, შემოგვადნება ხელში და ამდენი საუკუნის ქვეყნის მესაფლავეებიც თავადვე გავხდებით.


ავტორი: ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp