"რა ეშველება ქვეყანას, სადაც ერთი ჟურნალისტის გამონათქვამმა შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომ დაგბომბავენ?!"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას უცენზურო განცხადებას გამოეხმაურა და აღნისნა, რომ ეს ფორმა მისთვის მიუღებელია, მით უფრო რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.ამასთან მან უკანასკნე დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო უწოდა. 

„მე მიმაჩნია, რომ გაბუნიას გამოხტომა იყო სულელური, არაფერ შუაში არ იყო და აუტკივარი თავი ავიტკიეთ, კაცმა არ იცის, რატომ. ამით ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ და ეს პუტინზე უპირატესობის გამოვლინება არ არის. მეორეს მხრივ, რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ერთი ჟურნალისტის გამონათქვამებმა შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომ ახლა მოფრინდებიან თვითმფრინავები და დაგვბომბავენ?! ეს არის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, ისე როგორც სიტუაცია, რასაც პუტინი სანქციების გარშემო აკეთებს. ეს არის კატა, რომ თაგვს ეთამაშება, ზუსტად ამ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დაემსგავსა თაგვს, მთავრობის მეშვეობით, რომელიც დათრეული ჰყავს კატას და კატა ხან დაიჭირეს, ხან მიუშვებს, წაჰკრავს თათს, წაეთამაშება. საქართველოს მთავრობა ჰგავს, ჩემი აზრით, დაახლოებით, ვიშის მთავრობას. ეს არის მთავრობა, რომელიც ჰიტლერის სატელიტი მთავრობა იყო საფრანგეთში, რომელიც ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობაა, და სინამდვილეში მთლიანად იყო მიმართული ინსტრუქციების ქვეშ ოკუპანტის მხრიდან,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "კვირის აქცენტებში".

ამასთან სააკაშვილი ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მუქარაზე ხელისუფლების ურეაქციობას მკაცრად აკრიტიკებს:

„ტერორისტი კადიროვი დაემუქრა გიორგი გაბუნიას მკვლელობით, ამ კაცს ჰყავს ბევრი ადამიანი მოკლული და საქართველოს მთავრობა ამაზე არაფერს არ იძახის, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! გაბუნიამ სისულელე თქვა და ვიღაც კაციჭამია კადიროვმა უნდა მოკლას და ამით უნდა იმუქრებოდეს? ხომ ვიცით, რომ ბორის ნემცოვი მისი მოკლულია?!“ - განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება ხელისუფლების შეცვლა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მათ შორის, ლაზიკის პროექტის.

"ჩვენ უნდა გადმოვქაჩოთ ფული ყველა მეზობელი მდიდარი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ რუსულ ფულზე უარი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფული, არამედ უნდა იყოს ერთ-ერთი წყარო კაპიტალის, ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ტურისტები ყველა მხრიდან," - განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp