მამა ანდრია ჯაღმაიძე: "ეს "რუსთავი 2"-ის დასასრულის დასასრულია"

საპატრიარქოს პრეს–სპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს და აცხადებს, რომ "ტელეარხის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა".

“დაახლოვებით ერთი წლის წინ "რუსთავი2"-ს საპატრიარქომ ბოიკოტი გამოუცხადა. დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას საპატრიარქო მოთმინებით იტანდა წლების განმავლობაში, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა.

უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები. საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.

შესაძლოა, აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ "რუსთავი 2"-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა. საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში "რუსთავი 2"-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის, სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის, გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეს "რუსთავი 2"-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი, კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო”, –წერს მამა ანდრია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება