რუსეთის დუმის თავმჯდომარე: "პუტინმა საქართველოს მთავრობას შანსი მისცა გონს მოეგოს"

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თბილისის წინააღმდეგ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და ამით "საქართველოს მთავრობას შანსი მისცა გონს მოეგოს". 

"თუ საქართველოს ხელისუფლება თვლის რომ მათთვის ეს არაფერს, ნიშნავს და გააგრძელებს მსგავს ქმედებებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მათ აირჩიეს კონფრონტაციისა და ურთიერთობების გამძაფრების გზა. თუ მათ თავში კიდევ რამე დარჩათ და ესმით, რომ მეზობელთან ურთიერთობების აგება საჭიროა კეთილმეზობლობის, პატივისცემის, თანასწორობის და სხვა სახელმწიფოების სუვერენულ საქმეებში არჩარევის პრინციპებზე, მათ უნდა მოუსმინონ ჩვენ პრეზიდენტს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს. მას არაერთხელ უსაუბრია მათთან ამის შესახებ. ის ახლაც კიდევ ერთხელ აძლევს შანსს. ჩვენ, რუსი ხალხის წარმომადგენლები მათ ამ შანსს არ ვაძლევთ. ის კი აძლევს შანსს რომ გონს მოეგონ", – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. 

გუშინ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას. დუმის გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მას მთავრობაც დაუჭერს მხარს და პრეზედენტიც მოაწერს ხელს. გუშინვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა. "მე ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით არ გავაკეთებ", – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში განვითარებული მოვლენები  “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, კრემლმა საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ  კრემლში "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამოც გაღიზინდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp