რუსეთში მოღვაწე პროქართველი ექსპერტი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთში მოღვაწე პროქართველი პოლიტოლოგი ვიდადი აბასოვი საქართველოში არ შემოუშვეს. 

ამჟამად რუსეთში მცხოვრები და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე აბასოვი, რომელიც რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი გახლავთ, საქართველოშია დაბადებული და სამშობლოში ავადმყოფი მამის  სანახავად მოდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად. 

როგორც აბასოვმა "აქცენტს" აცნობა, იგი საქართველოში შემოსვლას ზემო ლარსის გავლით ცდილობდა, რუსეთის მხარეს არსებულ საგუშაგოზე უპრობლემოდ გამოატარეს, ქართულ მხარეზე კი ჯერ ერთნახევარი საათი ალოდინეს, ხოლო შემდეგ შემოშვებაზე უარი განუცხადეს და გადასცეს პროტოკოლი, რომელშიც მიზეზების ჩამონათვალში მითითებული იყო "სხვა".

"პირად საუბრებში ქართველმა მესაზღვრეებმა განმიმარტეს, რომ ზემოდან მიიღეს მითითება და კონკრეტული მიზეზი მათთვისაც უცნობი იყო" - აღნიშნა ექსპერტმა. 

რუსეთში საქართველოს და ქართველების პოზიციების აქტიური  დამცველი აბასოვი ამბობს, რომ მომხდარი ძალიან დასანანია და საწყენი.

"საქართველო ჩემი სამშობლოა, ყოველთვის და ყველგან აქტიურად ვიცავდი მისი და ქართველი ხალხის პოზიციებს, მათთვის კარგის მეტი, არაფერი მნდომებია და გამიკეთებია, საპასუხოდ არასოდეს არაფერი მითხოვია და ჩინ-მედლებს არავისგან ველოდი, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ დამიმსახურებია. საქართველოს წინა პრეზიდენტის დროს საქართველოს მოქალაქეობა ვითხოვე და უარი მივიღე, თუმცა პრობლემა არ შემიქმნია, არ მწყენია და შემდგომშიც აქტიურად ვაგრძელებდი რუსეთში საქართველოს და ქართველების პოზიციების დაცვას, მათ შორის, ზოგჯერ - პირადი რისკის ფასად. აწი საქართველოს მოქალაქეობას ნამდვილად აღარ მოვითხოვ. ერთადერთი, რაც საქართველოსგან მინდოდა, წელიწადში ორჯერ ავადმყოფი მამის მონახულების შესაძლებლობა იყო და ახლა ისიც წამართვეს. ჩემი ჩამოსვლის მიზანი მამის თბილისში გადაყვანა და ოპერაციის გაკეთება იყო. არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება, ძალიან დასანანია და საწყენი. არასოდეს ვაკეთებდი კომენტარებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ გახლავართ. მე ვარ საქართველოს ინტერესების ლობისტი რუსეთში", - დასძინა აბასოვმა, რომელიც ამ წუთებში ვლადიკავკაზიდან შინ ბრუნდება.

ვიდადი აბასოვი რამდენჯერმე გახლდათ "აქცენტის" რესპონდენტი, მათ შორის, საკმაოდ გაბედული პოზიცია დააფიქსირა დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და მის ინტერვიუს ქართულ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთში მცხოვრებმა პოლიტოლოგმა პირადი რისკის ფასად მწვავე პოზიცია დააფიქსირა რუს დეპუტატ გავრილოვის თბილისში ვიზიტთან და შემდგომ განვითარებულ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის საპასუხო რეაქციის გამო.

"აქცენტი" აბასოვის ქვეყანაში არშემოშვების მიზეზის გარკვევას შს სამინისტროში ცდილობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp