მოსკოვში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავენ

რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„უნდა იყოს ნაბიჯების თანმიმდევრულობა. თუ საქართველოში ვითარების ნორმალიზაცია მოხდება, რუსოფობია შეწყდება, იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები, შესაძლებელი იქნება ავიამიმოსვლის შესახებ საუბარი“, – განუცხადეს „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეაზე მუშაობის განახლება.

„კომერსანტის“ მონაცემებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე რუსეთში უწყებათაშორისი შეთანხმება მიღწეული იყო და განკარგულებას მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა აკლდა.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“