ზალკალიანი – პუტინის გადაწყვეტილებაზე: "თქვენ არ მიესალმებით?"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განმარტავს, რატომ მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, საქარველოსთვის ეკონომიკური სანქციების არდაწესების თაობაზე. 

მისი თქმით, პროვოკაციული განცხადებების ფონზე, ქვეყანა შესაძლოა, უმძიმეს შედეგებამდე მისულიყო, ახლა კი სანქციების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისასალმებელია.

"თქვენ არ მიესალმებით ამ გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება?! იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, იმ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთეს და მხარდამჭერმა სხვადასხვა ორგანიზაციამ, ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე და სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაგრამ მთავრობა რომ ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის, ფაქტია. ეს განცხადებები სწორედ იყო პროვოკაციული, მიმართული იმისკენ, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რა რეაქციაც მას მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე გაიხსენა 2006 წელს რუსული ემბარგო და აღნიშნა , რომ მას ქვეყნისთვის კარგი შედეგი არ ჰქონდა.

"რა მოგვიტანა ამან 2006 წელს, კარგად გახსოვთ. გვინდოდა, რომ ქართველები ისევე გამოედევნათ, როგორც მაშინ გამოდევნეს და ისევ იმ ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით? ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს, რომ იქ ასობით ათას ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რამე მოსვლოდა?"- განაცხადა ზალკალიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა