"არ გავაყალბებინოთ ისტორია არავის. არც ისტერია, ოღონდ არც მცდარი ისტორია"

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტიის მიერ გაკეთებულ ანტიქართულ განცხადებებს ეხმიანება და მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოს ისტორიის გაყალბების უფლება არვის მისცენ.

“ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე საშიში და ხანგრძლივად მოქმედი ბომბი იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ, სიტყვაა, ანუ დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ - საინფორმაციო ომია საფრთხეთა შორის უპირატესი. შეიძლება ზოგიერთს ამხანაგი პუტინის ვერსიაზე საქართველოს ისტორიის შესახებ, აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, გაეცინა კიდეც. გაეცინა და თქვა: "რა მობოდა, ეს ხომ ყველამ იცის?"- ვინ ყველამ?!

1) უამრავ უცხოელ კოლეგასთან მიწევს შეხვედრა, საქართველოს შესახებ ძალიან, ძალიან ცოტა იციან. რუსული ფულით გამართული პროპაგანდით კი აქტიურად იჟღინთება ყველა კუნჭული.

2) სამშვიდობო ლიტერატურულ ფორმატში შევხვედრივარ აფხაზ მწერლებს. მათი ცოდნა ძირითადად ამ ინტერპრეტაციას ეფუძნება, მით უფრო, ახალი თაობის. არადა წლების მერე, როცა ერთმანეთს უნდა დავუბრუნდეთ, ეს "ცოდნა" ძალიან შეგვიშლის ხელს.

მტერი მზაკვარია და გამოცდილი. ჩვენ ხან გულუბრყვილოები. მთავარ ამბად მისი გამოსვლიდან კეთილი მეფის როლი ავარჩიეთ და სანქციების აცილების გამო ლამის ვაშა "ურად" გადავაკეთეთ. ძალიან ცხადად მესმის სანქციის მავნებლობაც და ყოველთვის პრაგმატული პოლიტიკის მომხრე ვარ რაღაც საზღვრამდე.

ეს საზღვარი იქ გადის, სადაც ჩვენ, აქეთ სახლ, მიწა და ადამიანებწართმეულმა ხალხმა, თურმე მადლობა უნდა ვუხადოთ პუტინს და რუსულ იმპერილიზმს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათი დეპუტატი არ მოგვეწონა საკუთარ პარლამენტში და ა.შ. "ვორონცოვის კომპლექსი" უნდა დავძლიოთ და კახაბერს კახაბერი დავარქვათ. და უნდა ვიმუშაოთ ბევრი, ძალიან ბევრი.

ხშირად ველაპარაკოთ მსოფლიოს, გავიტანოთ ჩვენი დიდი კულტურა, მოვუყვეთ მნიშვნელოვანი ტრადიციების შესახებ, გავხსნათ ქართული ცენტრები, არ გავაყალბებინოთ ისტორია. ეს არის ახლა ჩვენი ბრძოლის ველი. არც ისტერია, ოღონდ არც მცდარი ისტორია“,- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაციით მიმართა, პუტინმა კი განაცხადა, რომ ამას "ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" არ გააკეთებდა, თუმცა იმავე დღეს ამავე საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp