გავრილოვი ქართველებს ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის რუსული გამოცდილების გადაღებას ურჩევს

საქართველოდან გაძევებული რუსი კომუნისტი მართლმადიდებელი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ქართველებს ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის რუსული გამოცდილების გადაღებას ურჩევს.

„სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა, „რია ნოვოსტის“ ცნობით, გავრილოვმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის სხდომაზე. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს. მათი განცხადებით, მოსკოვი ჩართულია ადამიანის უფლებათა დარღვევებში არამარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოიხატება. სადღეისოდ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში ყველაზე მეტი საჩივარი სწორედ რუსეთის წინააღმდეგაა შეტანილი.

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გახარია – პროპორციულ სისტემაზე: "იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას"