რატომ გამოიყენეს რაკეტისებრი ტყვიები – რა თქვა გახარიამ ექსპერტებთან დახურულ შეხვედრაზე

სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს, რომელიც 20 ივნისის ღამეს ეხებოდა.

სალუქვაძე ამბობს, რომ უწყებამ აქციის დასარბევად დიდი ზომის რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება, მათ შორის, პანკისის მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო, როცა "პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა". 

"მან თქვა, რომ [დიდი ზომის ტყვიების გამოყენებისას] იმოქმედა, გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა. ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. თქვა, რომ შესაძლოა, ესეც ყოფილიყო ერთერთი მიზეზი, რომ ეს ტყვიები გამოიყენეს, რადგან შავმა ტყვიებმა ვერ იქონია ეფექტი.

მინისტრმა ისაუბრა შიდა რეგულაციებზეც და აღნიშნა, რომ ტყვიებზე ქარხნულად დაწესებულია ნორმა არანაკლებ 10 მეტრისა, ხოლო შიდა რეგულაციებით, სპეცრაზმელებს არ აქვთ ამ ტყვიების გამოყენების უფლება 20 მეტრზე ნაკლები სიშორიდან. შეცდომები არის ამ ტყვიების გამოყენების წესების ნაწილში და არა სახეობებში,"- განაცხადა სალუქვაძემ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

რაც შეეხება 20 ივნისს პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილებას, როგორც სალუქვაძე გახარიაზე დაყრდნობით ამბობს, საფუძველი სხვა დღეებთან შედარებით დეპუტატების მიერ ბევრი საშვის გაცემის მოთხოვნა გახდა.  

"ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რატომ გააძლიერეს პარლამენტის შენობა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სიგნალი, გარდა იმ განცხადებებისა და ფონისა, რაც შეიქმნა, ერთერთი ინდიკატორი იყო, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ თუ რომელიმე პარტია, საშუალოდ დღეში 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა, დავუშვათ, 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს" - ამბობს სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ დაახლოებით 20-კაციანი დახურულ შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ყველაფერზე ისაუბრა - 20 ივნისს პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერებიდან დაწყებული, მიტინგის დაშლით დამთავრებული.

ამავე თემაზე: რაზე ესაუბრა შს მინისტრი ექსპერტებს

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp