რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან ზოიძეს მიმართეს: "ამდენს რას გიხდიან, ბიჭო?!"

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "სირცხვილია" მმართველი გუნდის წევრი აკაკი ზოიძე გააკრიტიკეს. 

"კაკო ზოიძე გამოდის და ჩვენ გვეძახის მეხუთე კოლონას. ამდენს რას გიხდიან, ბიჭო?!",– იკითხა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

როგორც დიღმელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქციას დააბრალოს, რაც მისი შეფასებით, სირცხვილია:

„შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ლარმა გაუფასურების უმაღლეს ნიშნულს ჯერ კიდევ გავრილოვის ჩამოსვლამდე მიაღწია და ესეც ჩვენი ბრალია? ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც წლებია, აწარმოებენ და ახლა ცდილობენ ჩვენ გადმოგვაბრალონ. სირცხვილია".

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს ზოიძემ "პირველის" ეთერში შემდეგი შინაარსის გაკცხადება გააკეთა: 

"არანაირი საქართველოს მოქალაქეები. ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა. ეგაა, ვითომ ხელს რომ უსვამთ ამათ. რა მოქალაქეები, წარმოიდგინეთ. რისი გულისთვის აკეთებენ ამას, გამაგებინეთ. გვაკარგვინებენ ყველანაირ მორალურ უპირატესობას, რომელიც გვაქვს. ვინ დგას იქ, ისევ "ნაციონალური მოძრაობა"? ნაწილი მათგანი. კი არიან იქ ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მთავარია”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp