კარპენტერი – მატვიენკოს: „ქართველებს არ სჭირდებათ ჩემგან თქმა, რომ „რუსეთი ოკუპანტია“

ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს ბრალდებებს „სრულიად აღმაშფოთებელს“ უწოდებს. 

„რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს სპიკერი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მართვაში მადანაშაულებს. ქალბატონო სპიკერო, „ქართველებს არ სჭირდებათ ჩემგან თქმა, რომ „რუსეთი ოკუპანტია“, ამას ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ“, – წერს კარპენტერი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის: მატვიენკომ კარპენტერი თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მართვაში დაადანაშაულა:

„მასობრივი მღელვარება საქართველოში დაიწყო აშშ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად კი პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორის მაიკლ კარპენტერის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში. ამ უკანასკნელმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა: „სულ სამი დღე გავატარე საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული რომ (საქართველოს) მთავრობა მთლიანად აცნობიერებს რუსეთთან „ღია კარის“ პოლიტიკის შედეგებს“ და შემდეგაც ამ სულისკვეთებით აგრძელებს... ეს გავს გულდასმით მოფიქრებულ, ინსცენირებულ პროვოკაციას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ“.

თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp