ქართული ავტოპარკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია

2018 წელს ავტოპარკი საქართველოში 5.1%-ით გაიზარდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, 2017 წელს ავტოპარკის ზრდის ტემპი 5.3% იყო, 2016 წელს 8%, 2015 წელს კი 8.2%. 

მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში ავტომობილების უმეტესობა 20 წელზე მეტი ხნისაა. კერძოდ, შსს-ს მონაცემებით, ავტომობილების 45.5% 1999 წელს, ან კიდევ უფრო ადრეა გამოშვებული. 4 წლამდე ავტომობილების წილი ქვეყანაში მხოლოდ 1.9%-ია, 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი ავტოპარკის 3.9%-ს შეადგენს. 2018 წელს მსგავსი ასაკის ავტომობილების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა. 

G&T-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს ავტოპარკი რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ძველი და ხანდაზმულია. კვლევის მიხედვით 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასალი 20.3 წელი იყო, რაც აღემატება პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის მაჩვენებელს. 

მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 2016-2017 წლებში ქვეყნების მიხედვით: 

  • საქართველო - 20.3 წელი 
  • პოლონეთი - 17.3 წელი 
  • რუმინეთი - 16.2 წელი 
  • ლიეტუვა - 15.5 წელი 
  • ესტონეთი - 15 წელი 
  • ბრიტანეთი - 8.7 წელი 
  • დანია - 8.4 წელი 
  • ბელგია - 7.8 წელი 

ამასთან, მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 15 წელზე ნაკლებია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია, საბერძნეთი, ლატვია, სლოვენია, პორტუგალია, ესპანეთი, ფინეთი. საშუალოდ 10 წელზე ნაკლებია მსუბუქი ავტომობილების ასაკი ირლანდიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში.

წყარო:Forbes.ge

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გახარია ფაშინიანს შეხვდა