ინსპექტორმა ობიექტზე, სადაც დღეს მუშა დაიღუპა, დარღვევები დააფიქსირა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც კოსტავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა და სადაც დღეს მუშა დაიღუპა, კანონით გათვალისწინებულ სანქციებს გამოიყენებს. 

როგორც ინსპექტორმა ობიექტზე ჩატარებული პირველადი მოკვლევის შემდეგ განაცხადა, ობიექტზე დარღვეული იყო ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საჭიროა სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე კომპანიის წარმომადგენლებთან და გარდაცვლილ მუშასთან ერთად მომუშავე თანამშრომლებთან გასაუბრება.

„ვიცით, რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი, თუმცა ერთი შეხედვით ჩანს, რომ დარღვეულია ზოგადად ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები. ველოდებით კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე ველოდებით, რომ გავესაუბროთ იმ დასაქმებულებს, რომლებიც გარდაცვლილთან ერთად მუშაობდნენ. უნდა გამოვითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდგომ შეგვეძლება ერთიანი დასკვნის გაკეთება, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაია მიქაიამ.

ცნობისთვის: თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp