"საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში"

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისა, რომ საქართველო იყოს ევროპული საგანმანათლებლო სისტემის სრული წევრები. - ამის შესახებ პრეზიდენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო იბრძვის იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებაში ევროპული ხარისხი დამყარდეს.

„საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში, რათა დავანახოთ ჩვენს მოსახლეობას ხელშესახები შედეგები ამ ურთიერთობისა. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ სრული მონაწილეობა მივიღოთ იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელიც კულტურასა და განათლების განვითარებას ეხება. არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ევროპული საგანმანათლებლო სისტემის სრული წევრები, ისევე, როგორც კულტურული სივრცისა. „ერასმუსის“ პროგრამა გვეხმარება ამგვარი კავშირების გაძლიერაში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროპული ხარისხი დავამყაროთ ჩვენს პროფესიულ განათლებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპაში საქართველოს მეტი ჩართულობისთვის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაც საჭიროა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობები, სწორედ იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტად ვიყოთ დაკავშირებული და ჩართული ევროპაში. ყველა ქვეყანამ გაიარა სირთულეებით აღსავსე გზა, სანამ ისინი გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, დავუქვემდებაროთ იგი ერთეული ბაზრის კანონებს და დავძლიოთ საერთო ბარიერები. ჩვენ სამომავლოდ ვიხედებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა