ტუსკი კრემლს საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, უსამართლოა. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მთლიანად ვადასტურებთ, საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას.

ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, მისი თქმით, სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის.

დონალდ ტუსკი საქართველოში ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. დონალდ ტუსკი კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა