სამადაშვილმა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ითხოვა, თუ "ის ოპოზიციის დევნას გააგრძელებს"

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ დაყენებული მთავარი საკითხი "ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ოპოზიციის წარმომადგენლების დევნას შეეხებოდა". ოპოზიცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.   

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვესაუბრეთ ბატონ ტუსკს, ეს არის ის უზარმაზარი საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დგას, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დააანონსა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახალხო პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს, მრავალი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ, ჩვენი მხრიდან გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხში შეიყვანოს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად დავაყენე საკითხი იმის თაობაზე, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებიდან არ იქნება შესაბამისი გამოძახილი, აუცილებელია, ევროკავშირმა დაიწყოს განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ღიად და აშკარად გააგრძელებს დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას და ოპოზიციის დევნას. 

ვფიქრობ, ევროკავშირი შესაბამის გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ოლიგარქიული ინტერესებისგან,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp