ანტისაოკუპაციო აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი უსუფაშვილს ბოდიშს უხდის

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია!" ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი “შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს საჯარო ბოდიშს უხდის. როგორც დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, უსამართლოდ მკაცრად განსაჯა უსუფაშვილი, როდესაც მას მოღალატე უწოდა:

“ემოციურად დამუხტულ ატმოსფეროში, გაღიზიანებულმა, დავით უსუფაშვილი უსამართლოდ, მკაცრად განვსაჯე. არ ვიყავი უსიამოვნო მომენტის შეფასებაში მართალი და საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს. არ იმსახურებდა ჩემგან ასეთ სიტყვებს."

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის პოსტს თავად დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერია.

“ასეთ დაძაბულ დღეებში ბევრი გაუგებრობა ხდება ხოლმე... ქვეყნის სწორად დალაგების საქმეს შეჭიდებულები ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებასაც ყოველთვის შევძლებთ. წარმატებები!“ - წერს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, შოთა დიღმელაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას მოღალატეუწოდა. “გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო.უსუფაშვილი, სვეშჩამი!". 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მოვლენების განვითარების შესაძლებლობები