ავღანეთში მორიგი როტაცია განხორციელდება

ქუთაისში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა სიტყვით მიმართა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. სარდალმა პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. ჯარისკაცები მე-3 ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.


ღონისძიების დაწყებამდე ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.


სამინისტროს ცნობით, ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან ლევან ენდელაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ასეული როტაციის წესით პირველი ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.


„ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა სამთვიანი სწავლება საქართველოში, ხოლო ხუთთვიანი საბრძოლო მომზადება გერმანიაში გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp