ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც პუტინი დაეყრდნო, აფხაზურ სასამართლოს აკრძალული აქვს

7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თბილისის, სოხუმისა და ცხინვალი ურთიერთობებზე საუბრისას საქართველოს საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ისტორიის გადაწერის მცდელობის დემონსტრირება მოახდინა. 

მან კერძოდ, განაცხადა:  „უყურეთ: ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (მგონი სწორად მახსოვს) 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. მოგვიანებით მოვლენები მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში - ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის შემადგენლობაში (არავითარი საქართველო არ იყო, ტიფლისის გუბერნია). აფხაზეთი ვითარდებოდა შემდეგნაირად: როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია. კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება, თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ურთიერთობის მოგვარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან. საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც არ იყო. სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი და სხვათა შორის, ჩვენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამას რატომღაც არასდროს აქცევენ ყურადღებას. ეს გასაკვირიც არის, მაგრამ სტალინის ბრძანებით „ენკავედემ“ ბერიას ხელმძღვანელობით ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ, ძალიან მკაცრი, ახლა არ მინდა ამის მოყოლა (გახმოვანება) - საქართველოს მიერ ამ ტერიტორიის ჩასაყლაპად და აფხაზი ხალხის”. 

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას პუტინის განცხადებაზე რეაგირება ჯერ-ჯერობით არ მოუხდენია, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არც რუსეთის პრეზიდენტის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს. 

თბილისიდან  პუტინს პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გასცეს. 

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები არაერთხელ გვსმენია. ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, როდესაც ისტორიაზე ვსაუბრობთ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან დაწყებულა და არც მე-19 საუკუნიდან, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტი არსებობს და ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთისა და ცხინვალის ჩათვლით იყო აღიარებული ისტორიულად და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საქართველოს ყალბი პუტინისეული ისტორია სიამოვნებით აიტაცეს სოხუმში. 

აფხაზმა ისტორიკოსებმა ეკატერინბურგში ჟურნალისტების წინაშე პუტინის გამოსვლა დადებითად შეაფასეს. მათი აზრით, „რუსეთის პრეზიდენტმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ იცნობს აფხაზეთის ისტორიის ერთადერთ სახელმძღვანელოს, რომელიც სოხუმის საქალაქო სასამართლომ ამასწინათ ყალბი მონაცემების შემცველად აღიარა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ასლან ავიძბა თვლის, რომ „ისტორია მეორდება, მაგრამ ადამიანებს შესაბამისი გაკვეთილები არ გამოაქვთ, და ვლადიმირ პუტინი სწორედ ამაზე საუბრობდა“ :

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ პრობლემებს თავისი ისტორია აქვს და მასში არცთუ უმნიშვნელო როლს აფხაზეთი ასრულებს. პუტინმა თავის გამოსვლაში ძალიან კარგად დასვა აქცენტები დამოუკიდებელი სახელმწიფოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებულ მტკივნეულ წერტილებზე, განაცხადა რა, რომ 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მიერ გერმანული შეიარაღებული ძალების დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია განხორციელდა. აფხაზეთში ამის შესახებ ცოტას წერენ, პუტინმა კი ეს საჯაროდ განაცხადა, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მისი გამოსვლა შეიცავდა ერთგვარ შეხსენებას მათთვის, ვინც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებითაა დაკავებული: მან აღნიშნა ერთი რამ, რაც ჩვენი - აფხაზური მხრიდან სხვაგვარად გაიჟღერებდა, რასაც ჩვენი უფლებადამცველები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების განხილვისას, რადგან არ ესმით, რა ხდება. ისტორიის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ერნსტ ნოლტე კი ამბობდა, რომ წარსული არასოდეს მიდის და რაც წარსულში იყო, ყოველთვის დაგვაწვება აწმყოსა და მომავალში. აქედან გამომდინარე რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მოგვცა მკაფიო ორიენტირები იმისა, როგორ უნდა ვიცხოვრობთ აწმყოში და თან არ დავივიწყოთ წარსული. ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი იცნობს სტანისლავ ლაკობას და ოლეგ ბგაჟბას მიერ შექმნილ აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოს, რომელზეც სოხუმის საქალაქო სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, რომელიც დაგმეს და სანქციებს დაუქვემდებარეს. სწორედ მასში იყო ნათქვამი, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ძალზე საინტერესოა, რომ პუტინი თავის გამოსვლაში ამ სახელმძღვანელოში მოყვანილ ფაქტებს ეყრდნობა, ჩვენ კი აფხაზეთში ამ სახელმძღვანელოს ვგმობთ. ჩემი აზრით, წიგნის გასამართლება დაუშვებელია, ხოლო აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოსი იმ კონტექსტში, რომ საქართველოსთან ისტორიოგრაფიული ომი აფხაზებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული წერტილია, საერთოდაც დანაშაულია. გარკვეული ფრაზები შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ წიგნის გასამართლება დაუშვებლად მიმაჩნია.“ 

თავად ხსენებული სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი ოლეგ ბგაჟბა კვლავინდებურად ირწმუნება, რომ „აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც დამოუკიდებელი სამთავროები, არავითარი საქართველო არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ ტიფლისის გუბერნია“:

„აფხაზეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დამოუკიდებელ სამთავროდ შევიდა, იმხანად მასში დამოუკიდებელი მთავრები იყვნენ, სამეგრელოს სამთავრო კი, რომელიც აფხაზურზე ადრე შევიდა, ლიკვიდირებულ იქნა. ასევე იქნა ლიკვიდირებული იმერეთის სამთავრო და ზოგადადაც მთელი საქართველო რუსეთის იმპერიის წიაღში იმყოფებოდა. აფხაზეთს ამ კუთხით გარკვეული უპირატესობა მიენიჭა. თუმცა ეს ხდებოდა კავკასიის ომამდე. აფხაზეთი მაშინ მთიელების მხარეს იბრძოდა, ამიტომაც კავკასიური ომის დასრულების შემდეგ 1864 წელს აფხაზური სახელმწიფოებრიობაც გაუქმდა, რომელიც 1918 წლის 11 მაისს ბათუმის კონფერენციაზე იყო აღდგენილი -  ანუ უფრო ადრე, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოებრიობა. აფხაზეთი კონფედერაციულ საფუძველზე მთიელთა რესპუბლიკაში შევიდა, ანუ საქართველოსთან არანაირი კავშირი არ ქონდა“.

ქართველი ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი კი აცხადებს, რომ კრემლი ისტორიის გაყალბებით ქართველი ერის დამონებას ვერასდროს შეძლებს.

„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ან რაიმე სახის ოსური სახელმწიფო წარმონაქმნი 1774 წელს შიდა ქართლის ტერიტორიაზე არ არსებობდა. შიდა ქართლი მთლიანად ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო და 1802 წელს ის მთელს სამეფოსთან ერთად დაიპყრო რუსეთმა. სამაჩაბლო 1802-1918 წლებში “საქართველოს” და შემდგომში “ტფილისის” გუბერნიების გორის მაზრაში შედიოდა და ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მხოლოდ 1922 წელს ეწოდა. ბატონო პუტინ თქვენ საპირისპიროდ ილაპარაკეთ და დაე, თქვენ მოიტანეთ წყაროები და დოკუმენტები თქვენი სიტყვების დასამტკიცებლად. 1918-19 წლებში აფხაზების და ოსების გენოციდი არ მომხდარა, მეტიც, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დეპეშით პირველი მიესალმა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე. ის მთავრად რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულ აფხაზებს ჰყავდათ გამოცხადებული 1866 წელს, გიორგი შარვაშიძე დედა ენად ქართულს მიიჩნევდა და, საერთოდაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად როგორც 1918-ში, ისე 1921-ში რუსეთის წინააღმდეგ ქართველებზე არანაკლებ გმირულად აფხაზები იბრძოდნენ. მაგალითად, თბილისი 25 თებერვალს დაეცა, გაგრასა და სოხუმს კი 4-5 მარტამდე იცავდნენ აფხაზები და არ ეგუებოდნენ საქართველოს ოკუპაციას. ერთადერთი , რაც სიმართლე იყო თქვენს ნათქვამში, იყო ის, რომ 1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა, დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა და ამ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და ერთა შორის შუღლის გამაღვივებელი ზღაპრების გამოგონება რად გჭირდებათ, ვერ გამიგია. სამწუხაროდ, ქართველები შესაძლოა მოისყიდო, მოფერებითა და დაყვავებით გადმოიბირო, მაგრამ ისტორიის გაყალბებით , აბუჩად აგდებითა და ძალმომრეობით ქართველ ერი ვერავის ვერასდროს დაუმონებია და სამომავლოდაც ვერავინ ვერასდროს დაიმორჩილებს. ვერც თქვენ ბატონო პუტინ!“, – აცხადებს ისტორიკოსი. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp