ბიბილოვის გარემოცვაში „საქართველოს ჯაშუში“ აღმოაჩინეს

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჯაშუშური სკანდალი მძვინვარებს. 

დე ფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელსა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „როსსის“ ხელმძღვანელ სერგეი ლიპინს „სახელმწიფო ღალატსა“ და „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ. თუმცა ოსური უშიშროებისა და პროკურატურის არგუმენტები უამრავ კითხვას იწვევს. 

სენსაციური სიახლე იმის შესახებ, რომ „ცხინვალში საქართველოს ჯაშუში დააკავეს“ და რომ ის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ლიპინი აღმოჩნდა, ოსურმა უშიშროების კომიტეტმა და პროკურატურამ 10 ივლისს, საღამოს გაავრცელეს.     

„ტარდება გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 275-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი) აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალდებულად რესპუბლიკის მოქალაქე სერგეი გიორგის ძე ლიპინი გვევლინება“ -  ნათქვამია დე ფაქტო გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც ირკვევა, სერგეი ლიპინი ათწლეულების განმავლობაში ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ კომუნისტური პარტიის წევრი, 2014 წლამდე - დე ფაქტო დეპუტატი, სანამ წინასაარჩევნო ყრილობაზე პარტიის რიგები დემონსტრაციულად არ დატოვა განცხადებით „ეს პარტია ლენინური აღარ არის, იგი ერთი ადამიანის პარტიად გადაიქცა“. ლეონიდ თიბილოვის „პრეზიდენტობის“ დროს, 2012 წლიდან ლიპინი დე ფაქტო პრეზიდენტის საზოგადოებრივ მისაღებს ხელმძღვანელობდა. იმავე პერიოდში იგი ე.წ სადამკვირვებლო საბჭოს ახალ შემადგენლობაშიც მოხვდა, თავად ეს საბჭო კი რუსული ფინანსური დახმარების გადანაწილების საკითხებით იყო დაკავებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლიპინი საზოგადოებრივ ორგანიზაცია „როსსის“ უდგას სათავეში, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო საელჩოსთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფება და უცხოეთში რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს იცავს. 

ანატოლი ბიბილოვის „პრეზიდენტობის“ პერიოდში ლიპინს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა მიმართვებთან მუშაობის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. თუმცა 3 ივლისს, ანუ ჯაშუშობის ბრალდების წაყენებამდე, რამდენიმე დღით ადრე ბიბილოვმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა ფორმულირებით „პირადი სურვილის საფუძველზე“. 

სერგეი ლიპინმა მთელი ცხოვრება ცხინვალის რეგიონში გაატარა. მისმა დაკავებამ ოკუპირებულ რეგიონში ბევრი გააოცა, მით უფრო რომ მას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას ედავებიან და ირწმუნებიან, რომ „სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ახდენდა ქართული მხარე საარტილერიო სისტემების ზალპური  ცეცხლისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე, სამხედრო ობიექტებსა და კოლონებზე, ხშირად დასახლებულ რაიონებზე საარტილერიო დარტყმების კორექტირებას, რის შედეგადაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ მშვიდობიანი მოსახლეობის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედროების კუთხით გაუმართლებლად დიდი ზარალი განიცადა“. 

როგორც დე ფაქტო გენერალური პროკურატურის რელიზშია აღნიშნული, „გრძელდება მუშაობა ლიპინისა და მისი თანამზრახველების კავშირების გამოსავლენად, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე სახელმწიფო ღალატისა და ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის სხვა ფაქტების გამოსავლენად“. 

აღსანიშნავია, რომ სერგეი ლიპინის მეგობრებს შორის ფიგურირებენ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექს ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი, რომელსაც სოციალური ქსელების ოსურ სეგმენტში შემდეგ სავარაუდო სამიზნედ ასახელებენ.    


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp