უნგრეთსა და საქართველოს შორის ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრეთის მხრიდან კი საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

კონფერენციის ფარგლებში ხელი ასევე მოეწერა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უნგრული ენისა და კულტურის სწავლების შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ხოლო უნგრეთის მხრიდან საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დახმარების შესახებ“ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ნიკოლოზ გვარლიანმა.

ასევე, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს შორის, რომელსაც ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და ექსპორტ-იმპორტის ბანკის წარმომადგენელმა, რობერტ გრილიოვმა.​

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი; ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“