დღეს ანტისაოკუპაციო აქციაზე ისტორიკოსები რუსეთი–საქართველოს ურთიერთობების 200–წლიან ისტორიაზე ისაუბრებენ

დემონსტრანტები დღეს რუსთაველის გამზირზე არტისაოკუპაციო აქციის გასამართად ისევ შეიკრიბებიან. აქციის 22-ე დღეს საქართველოს მოქალაქეები, ისტორიკოსები და ექსპერტები ისაუბრებენ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 200 წლიან ისტორიაზე.

აქციის ორგანიზატორთა დაანონსებული ღონისძიების ინფორმაციაში ვკითხულობთ: "თუ სახელისუფლებო შტოები თავად არ ზრუნავენ, დაამსხვრიონ მტრის ნარატივი საქართველოს ისტორიის შესახებ, ამას სამოქალაქო საზოგადოება გააკეთებს!"

"იმ დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინი ისტორიის გადაწერას ცდილობს, ხოლო მთავრობა მის მიერ მოთხრობილ ფაქტობრივ ტყუილებს, ფაქტების ინტერპრეტაციასა და სუბიექტურ შეფასებას უწოდებს, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება თავს ვალდებულად ვთვლით, მოვყვეთ სიმართლე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

ჩვენ ვნახეთ, როგორ ცდილობს მთავრობა "გავრილოვის ღამის" შესახებ ფაქტების გაყალბებას - სახელისუფლებო ძალები და სამთავრობო პროპაგანდისტული მედია უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლიან დარბევას." - აცხადებენ აქციის ორმანიზატორები. 

ორგანიზატორთა და მომიტინგეთა თქმით, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა 20 ივნისის ღამეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.

აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაციით მიმართა, პუტინმა კი განაცხადა, რომ ამას "ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" არ გააკეთებდა, ამასთან ის საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.  

იხილეთ ასევე: ისტორიის გაკვეთილი პუტინს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp