პერფორმანსი ბათუმში – ვაჟა-ფშაველას ბიუსტს წითელი სახვევი გაუკეთეს

ბათუმში ვაჟა-ფშაველას ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს. ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც ანტისაოკუპაციო აქციას უკვე 22 დღეა მართავენ.

რაც შეეხება იდეას, ის მას შემდეგ გაჩნდა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა სიტყვის გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას ციტირება მოახდინა.

დემონსტრანტებმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს განცხადებითაც მიმართეს: 

- საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!

- ის სამ კვირაზე მეტია, უგულვებელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!

- ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!

- საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!

- საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!

გახარია უნდა გადადგეს!“. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp