უღირს თუ არა გახარიას პროტესტის ფონზე თანამდებობაზე ყოფნა: შს მინისტრის კომენტარი

საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ახალგაზრდებს, რომლებიც 22–ე დღეა, შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში შს მინისტრად ყოფნა. ამის შესახებ მან TV „პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, უღირს თუ არა მინისტრს მიმდინარე მოვლენები, პროტესტი თანამდებობაზე ყოფნად. 

„დღეს ყველაზე მარტივი გამოსავალია წასვლა, თუმცა პირადად ჩემთვის წასვლა პასუხსიმგებლობისგან გაქცევაა და არა პასუხისმგებლობის აღება.  ის, რასაც ეს ახალგაზრდები ახლა საუბრობენ, გულწრფელად საუბრობენ შეცოდებაზე... მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს, იყო სახემწიფო სამსახურში, საქართველოსნაირ ქეყანაში იყო შს მინისტრი, პარლამენტს, რომელიც წარსულში რამდენჯერმე იყო აღებული, კიდევ ერთხელ ესხმიან თავს“,– განაცხადა გახარიამ. 

დღეს მინისტრს „პირველის“ შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე მოუწია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp