შს მინისტრი ადასტურებს, რომ აქციის დაშლის ბრძანება თავად გასცა

შს მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ აქციის დაშლის ბრძანება თავად გასცა. ამის შესახებ მან „პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, მინისტრმა გასცა თუ არა ბრძანება „ყველაფერზე, რაც იქ [აქციაზე] ხდებოდა“.

„დიახ. მე ვიმოქმედე კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში...გავეცი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების შესახებ“,– ამბობს გახარია და მოტივად კიდევ ერთხელ ასახელებს „შტურს პარლამენტზე“.

რაც შეეხება „რაკეტისებრ ტყვიებს“, გახარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის კანონმდებლობით გათვალისწინებულია და არა მხოლოდ საქართველოში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი