გიორგი გახარია დემონსტრანტებს მიმართავს, რომლებიც 22 დღეა, მის გადადგომას ითხოვენ

შს მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართავს, რომლებიც უკვე 22 დღეა, მის გადადგომას ითხოვენ.  

ახალგაზრდებმა, განსაკუთრებით იმ აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იმ აქციაზე დგანან, არ აქვს მნიშვნელობა, რას ითხოვენ, უნდა გასცნობიერონ ერთი რამ – უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც თვლი, რომ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ. არ აქვს მნიშვნელობა, შენ თანამდებობაზე ხარ, ხარ პოლიციელი, დგახარ აქციაზე, როდესაც თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური, ინდივიდუალური ინტერესებიდან, არამედ საზოგადოებრივი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, მოვუსმინოთ ერთმანეთს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს თითოეულ ამ ახალგაზრდასთან, თუნდაც დღეს სტუაში რომ დაუძახოთ მათ წარმომადგენლებს და ვისაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა, მაგრამ უნდა გავითვალსწინოთ, როდესაც აქცია მშვიდობიანია, პოლიცია ყოველთვის იზრუნებს მათზე, როგორც ზრუნავდა აქამდე, როგორც ზრუნავს დღეს, იზრუნებს მომავალში. მაგრამ როგორც კი ეს აქცია გადება ძალადობრივი, მიიღებს შტურმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან პოლიციაზე შეტევის სახეს, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები და დახელმწიფო ინტერესები, რათა ამ ახალგაზრდებმა იცხოვრონ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში და არა ქაოსში; გაიზარდონ და თავიანი მომავალი დაუკაცშირონ იმ ქვეყანას, სადაც კანონი  და სამართალია უზენაესი და არა ძალადობა და პოლიტიკური წესწყობილების შეცვლა პარლამენტზე ფიზიკური შეტევებით. ამიტომ, დაველოდოთ არჩევნებს. ვინც გაზრდის რადიკალიზაციის ტემპერატურას, დარწმუნებული ვარ, მას ამომრჩეველი დასჯის და ამას არჩევნები აჩვენებს“,– განაცხადა გახარიამ „პირველის“ ეთერში.

იხილე ასევე:ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები გიორგი გახარიას პასუხობენ

გიორგი გახარიას ინტერვიუს დემონსტრანტები პირდაპირ ეთერში "პირველის" შენობს მიმდებარე ტერიტორიიდან ადევნებდნენ თვალს. მათ თქვეს, რომ შს მინისტრმა "ტყუილები ილაპარაკა" და ასევე აღმოაჩინეს, "რომ მინისტრი მშიშარაა, მას საკუთარი მოქალაქეების ცალ თვალში ჩახედვისაც კი ეშინია". დემონსტრანტები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათ სტუდიიდან გამოსული მინისტრი შეძახილებით – "მშიშარა!", "წადი!" გააცილეს. 

ცნობისთვის: რუსთაველზე აქცია „სირცხვილია!“ დღეს ისევ განახლდა. ახალგაზრდები 20–21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებენ და შს მინისტრის გადადგომას უკვე 22–ე დღეა, ითხოვენ.      

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp