ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები გიორგი გახარიას პასუხობენ

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია!" ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შს მინისტრმა დღევანდელ ინტერვიუში ბევრი სიცრუე თქვა, ხოლო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ის თანამდებობას არ დატოვებს. 

"ყოველდღიურად უფრო გამანადგურებელი ხდება ანგარიში და დღეს 22:0– გახდა ადამიანების სასარგებლოდ, სისტემის წინააღმდეგ. მინდა, ემოციურ ფაქტებზე, გავამახვილო ყურადღება. დღეს ჩვენ ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სს მინისტრი ვნახეთ, რომელიც ვერ გადის ხალხში დაცვის გარეშე. დღეს ძალიან ბევრი პოლიციელი უკეთებდა მას კორდონს. შს მინისტრი პირადად უნდა იყოს სიმშვიდესთან ასოცირებული. მას რომ ხედავ, უნდა ფიქრობდე, რომ დაცული ვარ, მაგარი მინისტრი მყავს, მაგრამ უძღვება საქმეს, კარგი პოლიციელები ჰყავს. არა, ეს კაცი მშიშარაა, იმის ძალაც არ ეყო, რომ 30–40 მომიტინგესთან, რომელსაც 22 დღეა, არც ერთი კანონი არ დაურღვევია, გამოსულიყო უბრალოდ, მანქანაში ჩამჯდარიყო და წასულიყო. იცით საიდან გაიყვანეს? სარდაფიდან. გვინდა ასეთი სს მინისტრი? როგორ შეიძლება მინისტრმა, რომელიც თავად არის მშიშარა, ჩემი უსაფრთხოება დაიცვას?!ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, როცა საშუალება ეძლევა, ადამიანებზე ნადირობს. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ის თანამდებობაზე რჩება",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.   

ანალოგიური პოზიცია აქვს აქციების კიდევ ერთ ორგანიზატორ შოთა დიღმელაშვილს

"ყოველი მისი მომდევნო ინტერვიუ კიდევ უფრო ტოქსიკურ პოლიტიკოსად აქცევს მას. რამდენჯერმე მოიტყუა: იმ ტყვიის [რაკეტისებრი] დამიზნება შეუძლებელიაო; ტყვიები სასიკვდილო არ არისო; ლევან ვასაძე და ელენე ხოშტარია გაუთანაბრა ერთმანეთს – ერთნაირად მოძალადე ადამიანები არიანო; დამიზნებით არავის ვესროლეთო, არადა არსებობს თვითმხილველი, გოგოს მამა, რომელსაც თვალი ამოთხარეს...უტიფრად იტყუება ადამიანი. 7 ნოემბრის შემდეგ გადადგა მთავრობა. ბავშვებზე ნადირობდნენ არა შეხლა–შემოხლის დროს, არამედ მთელს რუსთაველზე და ამას უწოდებს ძალის სწორ გამოყენებას. ასეთი შს მინისტრი საქართველოს არ უნდა ჰყავდეს". 

ცნობისთვის: დღეს გიორგი გახარია "პირველის" სტუდიაში იმყოფებოდა. შენობაში შესვლისას მას ის დემონსტრანტები დახვდნენ, რომლებიც უკვე 22 დღეა, მის გადადგომას ითხოვენ. გახარიას ინტერვიუს მათ პირდაპირ ეთერში ადევნეს თვალი და გამოსვლისას მინისტრი შეძახილებით "წადი" გააცილეს.    

იხილეთ ასევე: გიორგი გახარია დემონსტრანტებს მიმართავს, რომლებიც 22 დღეა, მის გადადგომას ითხოვენ

შეგახსენებთ, რომ : რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის