გიორგი გახარია: "დავით გრიგორიანს ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი"

დავით გრიგორიანს ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი, გრიგორიანი ამ მდგომარეობაში არის ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებით. გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ ადამიანზე საუბრისას განაცხადა, რომელიც კომაში იმყოფებოდა.

„დავით გრიგორიანს ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. როდესაც ვიღაც საუბრობს დათვის და კიდევ რაღაც ტყვიებზე, ეს სიცრუეა. ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცველი სისტემის მიერ მასების მართვისთვის. ტყვიები, რომლებიც იყო გამოყენებული, არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. ეს ნარინჯისფერი ტყვია არის 2012 წელს შეძენილი. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტური მანძილი არის 10 მეტრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია იყოს გამოყენებული 20 მეტრიდან. ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. გრიგორიანი არის ამ მდგომარეობაში ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებით. გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი“,- განაცხადა გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, დღეს სამედიცინო დაწესებულებებში 20 ივნისს დაშავებული მხოლოდ ორი ადამიანი რჩება.

„საბედრნიეროდ, ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს რა დონეზეც არ უნდა სდომებოდა, რომ ეს აქცია და ღონისძიება დასრულებულიყო კიდევ უფრო მძიმე შედეგებით, საბედნიეროდ, ჩვენი სამედიცინო სისტემის თანამშრომლებს უნდა გადავუხადოთ მადლობა, რომ დღეს სამედიცინო სისტემაში გვყავს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც არის სტაბილური“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: 20 ივნისს  თბილისში, პარლამენტის წინ  ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან 30 ივნისს მოხსნეს.

დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 21 ივნისს კომენტარი გააკეთა ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ:

„მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე. იყო თავის ტვინის ტრავმა. პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ჰემატომის ევაკუაცია. ამ ეტაპზე მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაბილიზაცია მიღწეულია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება“.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp