მელია – გახარიას და ივანიშვილს: "თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ, რომ შეგეშინდათ"

ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უპირველესია, - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, მელია მიერ გავრცელებული კადრები "ფარსია".

მელიას თქმით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გახარიას და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოუწევთ სამართლიან სასამართლოს პირობებში კითხვებს პასუხის გაცემა და ეს დრო მალე დადგება. 

“ადამიანებს ესროდნენ დამიზნებით, სახეში, ესროდნენ ხელებაწეულ, მომღიმარ ადამიანებს. არასდროს, არასდროს, არავის შერჩენია და არავინ დარჩენილა დაუსჯელი ქართველ ხალხზე ძალადობისთვის. წარმოუდგენლად ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ივანიშვილს და გახარიას სამართლიანი სასამართლოს პირობებში,  მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა. თქვენ დგეხართ ავტობუსების არასწორ მხარეს, ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის მეც, ვდგევართ სამართლიანობის მხარეს, ისტორიის იმ მხარეს, რომელიც ასეც შეფასდება „ ელექტრონული ბორკილების დადებიდან - თავისუფლებამდე“ თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ, რომ შეგეშინდათ, შეგეშინდათ იმიტომ, რომ არ გწამდათ საკუთარი სიმართლის,”- წერს მელია სოციალურ ქსელში.


გუშინ გიორგი გახარიამ ფარსი უწოდა 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ კადრებს.

 

მინისტრი ამბობს, რომ გამოძიება სასამართლოში ამ ჩანაწერს სხვა კადრებს დაუპირისპირებს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp