ჭოხონელიძე: "სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მართებული არაა"

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციისდაუშვებლობაზე საუბრობს. 

როგორც მომღერალმა ტელეგადაცემა "რეაქციის" ეთერში აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი გამოაცხადა: 

"თარიღი 17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა. ვთვლი, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და ლამაზი. არც უფალს უთქვამს, "შენ ვინც არ მოგწონს, ჩაქოლეო", მან სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე. დისკრიმინაციაა, როდესაც ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან ასეთ ადამიანებს... 17 მაისი გამოცხადდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ და გეი-აღლუმებზე რომაა ლაპარაკი, არ მახსოვს და იქნებ შემახსენოთ, გეი-აღლუმი ჩატარებულა საქართველოში? მაგრამ ასე აქტიურად გაავრცელეს ხმები, თითქოს გეი-აღლუმები მზადდებოდა. ის, რომ საპატრიარქომ ამ დღეს, 17 მაისს განგებ დაამთხვია ოჯახის სიწმინდის დღე.... - ახლა აქ უნდა მოვიტყუოთ თავი და ძალიან გულუბრყვილოები ვიყოთ, რომ ვთქვათ, ასე არ არისო. ეს ტყუილია". 

ჭოხონელიძის აზრით, ამ საკითხის ირგვლივ არსებული დაპირისპირება საპატრიარქოს იმ პოლიტიკის ნაწილია,რომელსაც ის არ ეთანხმება:. 

"დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს დამტკიცდა 2013 წელს, როცა რუსთაველზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის, იმის სათქმელად, რომ არ შეიძლება ცემა და ჩაქოლვა... მახსოვს, რომ მაშინ საპატრიარქო განზე არ იდგა. სწორად მინდა, გამიგოთ, რაც მახსენდება, ეს არის მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გააგზავნა სახელმწიფოს მიმართულებით, "ბევრ ხალხს გამოვიყვანთო".... გამოიყვანეს ხალხი და მოხდა ძალიან ცუდი რამ. ეს იყო ძალადობა. მე ვარ ქალი, მე ვარ დედა, მე შეიძლება, ეს მოვიწონო?! საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობა არ მსურს, რადგან ეკლესიის პოლიტიკას არ ვეთანხმები. მაინტერესებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად? მე პოლიტიკას ვერ ვეთანხმები. მე პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა, თავის დროზე პატრიარქიც არ დაინდო. მე ყოველთვის მის გვერდში ვიყავი და ვიდგები ყოველთვის, მაგრამ თავად პატრიარქს არ უყვარს ბრმად გამყოლი ხალხი",- ამბობს ჭოხონელიძე.  

ჭოხონელიძე ამბობს, რომ ნებისმიერ დღეს საპატრიარქოს გვერდით იქნება, გარდა 17 მაისისა:

"ნებისმიერ დღეს საპატრიარქოსთან ვარ, ოღონდ ეს არ იყოს მიზანმიმართულად 17 მაისი, რაც გამოიწვევს და იწვევს კიდევაც დაპირისპირებას. წელს არ მოხდება? - გაისად გაღიზიანდება ვიღაც და ა.შ",- დასძენს მომღერალი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp