იმყოფებოდა თუ არა აქციის დაშლისას გერმანიის ელჩი პარლამენტში შს მინისტრთან ერთად – საელჩოს კომენტარი

იმყოფებოდა თუ არა აქციის დაშლისას საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად? – ამ კითხვით „აქცენტმა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიმართა, რაზეც შემდეგი პასუხი გაგვცეს:

„გერმანიის საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლამდე კადრებში ჩანს, რომ გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა. თუმცა უცნობია, ელჩმა საკანონმდებლო ორგანო მალევე დატოვა, თუ აქციის დაშლას შს მინისტრთან ერთად ადევნებდა თვალს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის, აშშ–ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის არც ელჩები და არც მათი საელჩოებიდან წარმომადგენლები 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილან. 

ცნობისთვის: საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩების ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უწყებას „დიპლომატების მობილიზაცია არ გაუკეთებია, თვითონ გამოხატეს ინტერესი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მისულიყვნენ პარლამენტში“. 

„იცით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მაღალია ინტერესი და დიპლომატიური კორპუსი ამას თვალს ადევნებს. საგარეო უწყებას დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს. თუმცა, თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ასეთი რამ არ ყოფილა. თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. ნახეთ, რომ იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ კიდევ რომელი ელჩი იმყოფებოდა, თუმცა იქ იყო დიპლომატიური კორპუსი“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

11 ივლისს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ საელჩოების წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“