"გავრილოვის ღამე": კითხვები, რომელიც პროკურატურამ უნდა დასვას და რა განასხვავებს 20 ივნისს 26 მაისისგან

11 ივლისს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის გადადგომასაც მოქალაქეები უკვე 22–ე დღეა დაუღალავად ითხოვენ, მედიას ვრცელი ინტერვიუ მეორედ მისცა. იყო მოლოდინი, რომ საზოგადოება „გავრილოვის ღამის“ შესახებ მეტ დეტალს შეიტყობდა, თუმცა თითქმის ორსაათიანი ინტერვიუს განმავლობაში შეიძლება, ითქვას, რომ მხოლოდ რამდენიმე პირდაპირი პასუხი გასცა:

  • აქციის სპეცსაშუალებებით დაშლის და ასევე გამოყენების შეწყვეტის ბრძანება პირადად შს მინისტრმა გასცა;
  • ბრძანებას, მოქმედების გეგმას ხელი მოეწერა მაშინვე, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა შს სამინისტროს შენობა – დაახლოებით, ღამის 12:00–დან 01:00 საათამდე;
  • მომიტინგე დავით გრიგორიანს, რომელიც აქციის დაშლის შემდეგ კომაში იმყოფებოდა და ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაშია, რეზინის ტყვია საერთოდ არ მოხვედრია. მინისტრი ირწმუნება, რომ მას თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიღებული დაზიანება, თუმცა გარემოებები უცნობია;
  • 20–21 ივნისის ღამის მოვლენებს მინისტრი, როგორც თავად ამბობს პარლამენტში ელჩებთან ერთად აკვირდებოდა, თუმცა დღეს ხანგრძლივი ძიების შემდეგ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ გერმანიის ელჩი იყო და არა ელჩები;
  • როგორც მინისტრი ამბობს, მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ჰქონდა კომუნიკაცია მხოლოდ აქციის დაშლის შემდეგ და არა მანამდე;

რაც შეეხება დანარჩენ გზავნილებს, მინისტრმა შეინარჩუნა ნარატივი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და სახელმწიფოსთვის დიდი საფრთხის არიდების შესახებ, ხოლო გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური და პროპორციულიო.

უკანასკნელ ინტერვიუმდე შს მინისტრმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს მხოლოდ მაშინ, თუ 20–21 ივნისის აქციის დაშლისას სისტემური პრობლემები გამოვლინდება, თუმცა მინისტრი და სხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები საკუთარ განცხადებებში, როდესაც საქმე პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებას ეხება, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე მიმდინარეობს. გამოძიებას სწორედ ამ მიმართულებით აწარმოებს პროკურატურაც.

„2019 წლის 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო...“,– ვკითხულობთ პროკურატურის 24 ივნისის განცხადებაში. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ მოქმედი შს მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან გადადგომას „პასუხისმგებლობიდან გაქცევად“, ხოლო დარჩენას – „პასუხისმგებლობის აღებად“ აფასებს, გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული ჯერ არ არის, ხოლო პასუხისგებაში ამ დროისთვის დემონსტრანტების გარდა არავინ მიუციათ. უფლებამოსილება შეუჩერდა 11 პოლიციელს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხოლო შსს–მ ორი პოლიციელის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოავლინა. ამ დროისთვის ზოგადი სურათი ასეთია. „აქცენტი“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი კითხვები გააჩინა 20–21 ივნისის მოვლენებმა და მას შემდეგ მიღებულმა ინფორმაციამ, საკმარისია თუ არა შს მინისტრის განმარტებები, რა სახის და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება და შესაბამისი კითხვებით თბილისის ყოფილ პროკურორს და ყოფილ მოსამართლეს, იურისტ მაია მწარიაშვილს მიმართა.    

რას კრძალავს კანონი

„ჩემი დაკვირვებით, შს მინისტრმა არც ერთ კითხვას არ უპასუხა. ცხადია, მას აქვს ინტელექტი და ვერბალური უნარები და ამის ხარჯზე მისი პასუხები იყო ზოგადი ბელეტრისტიკა, აქცენტით – „შტურმი“, „ლეგიტიმური ძალა“ და   ა.შ... მისი არც ერთი პასუხი არ იყო კონკრეტული, გამოძიება კი კონკრეტიკაა. მას უნდა ეპასუხა კონკრეტულად. მაგალითად, კონკრეტულ ადამიანს რატომ ამოსთხარეს თვალი, კონკრეტულ ადამიანს რატომ ესროლეს ტყვია. ის ზოგადი განცხადება, რომ გამოყენებული იარაღი არალეტალურია, აბსოლუტურად არ არის საკმარისი. თუ გამოძიება ნორმალურად მიდის, იქ  ამ ტყვიებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა უნდა დაისვას. მე კითხვები მექნებოდა – საერთოდ რატომ იყო მსგავსი იარაღი შეიარაღებაში. ჩვენ კანონით გვაქვს აკრძალული ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც ადამიანის დასახიჩრებას იწვევს. ხოლო გამოყენებული იარაღი ადამიანების დასახიჩრებას ნამდვილად იწვევს“,– ამბობს მწარიაშვილი.


რა გაამჟღავნა პროკურატურამ და რა უნდა იყოს გამოძიების ქვაკუთხედი


მაია მწარიაშვილის შეფასებით, პროკურატურამ საკუთარი განზრახვა გაამჟღავნა, როდესაც მმართველი გუნდის ნარატივი გაიმეორა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს თანამდებობრივი მუხლებით. როდესაც პროკურატურამ ამ საქმეზე გააკეთა განცხადება, აქცენტირება იყო „ცალკეულ შემთხვევებზე“. ანუ იმთავითვე გვითხრეს, რომ თანამდებობრივ დანაშაულს კი არა, ცალკეული პოლიციელის გადაცდომას ვიძიებთო. ცხადია, არ ვეთანხმები, რადგან თუ მართლა კეთილსინდისიერად უძღვები გამოძიებას, წინასწარ ვერ გეცოდინება, ორიოდ პოლიციელი გადაცდა, მინისტრის მოადგილე, თუ ყველა ერთად. სწორედ ამიტომ არ უნდა ეთქვა პროკურატურას, რომ ცალკეულ შემთხვევებს იძიებს. მან განზრახვა გაამჟღავნა, თქვა იგივე, რასაც სახელისუფლებო გუნდი ამბობს.  როდესაც ამდენი [60]ჟურნალისტი დაშავდა, ამდენი [200–ზე მეტი] მოქალაქე მოხვდა მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში, ეს სისტემურობაზე მიუთითებს. ვიმეორებ, კანონში პირდაპირ გვიწერია, აკრძალულია ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანების დასახიჩრებას, სხვა სამართლებრივ დეტალებში აღარ შევალ. ვთვლი, რომ ამ საქმის ქვაკუთხედი სხვა დეტალებთან ერთად სწორედ ეს ტყვიებია [რაკეტისებრი]. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მისი მიფუჩეჩება არ შეიძლება. ამ იარაღის გამოყენების უფლება პოლიციას არ ჰქონდა, ვინაიდან მის მიერ მიყენებული ტკივილი ადამიანის წამებას უთანაბრდება“.


რა განასხვავებს 7 ნოემბრის, 26 მაისის მოვლენებს 20–21 ივნისის მოვლენებისგან


მაია მწარიაშვილის შეფასებით, განსხვავება დაზიანებებშია.  

„ასეთი ზომის დაზიანებები არასდროს ყოფილა. ხომ მოისმინეთ როგორ ამბობენ, „იმ უბრალო რეზინის ტყვიებმა პანკისში ეფექტი არ იქონიაო“. იმ რეზინის ტყვიებს უბრალოს უწოდებენ. ასეთი ტკივილიანი დაზიანებები არ მიუყენებიათ არც ერთი წინა აქციის დაშლის დროს. იმას [26 მაისს, 7 ნოემბერს აქციის დაშლის მეთოდებს] სხვა პრობლემები ჰქონდა, ასეთი სერიოზული ტკივილიან დასახიჩრებას ის [მცირე ზომის რეზინის ტყვიები]ტყვიები ვერ იწვევს, იწვევს უბრალოდ სისხლჩაქცევებს, ამ შემთხვევაში კი ადამიანებს სხეულზე უზარმაზარი ღრმულები აქვთ.“


კითხვები შს მინისტრს და პრემიერ–მინისტრის პასუხისმგებლობა


მაია მწარიაშვილის განცხადებით, როდესაც მინისტრი ამბობს, რომ თავად გასცა აქციის დაშლის ბრძანება, ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანმიმდევრობით უნდა დაწყებულიყო. ეს თანმიმდევრობა კი შემდეგია:   

„ჯერ გაფრთხილება უშუალოდ აქციის მონაწილეების და არა ტელევიზიით მათი მშობლების, თუ ნათესავების კურორტებზე და სხვა ქვეყნებში. აქციის მონაწილეებს უნდა მისცეთ შანსი, დაიშალნონ და თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები. ეს პოლიციას არ გაუკეთებია. ამის შემდეგ მომიტინგეებს გაფრთხილებით უნდა მისცე დრო, თუ რა ვადაში უნდა დაიშალონ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოიყენო სპეციალური საშუალება და ისიც ყველაზე ნაკლები სიმძიმის, ანუ წყლის ჭავლი და იმის მიხედვით უნდა გაართულო ღონისძიება, რა შედეგს მიიღებ. კერძოდ, ჭავლის შემდეგ შეგიძლია, გამოიყენო გაზი, შემდეგ არალეტალური იარაღი და ა.შ. კანონი სწორედ ამას ითვალისწინებს და აქ იყო კრიტიკული კითხვები საჭირო შს მინისტრის მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რომ დაშლის ოპერაცია დაიწყო ქაოტურად, გაზით და რეზინის ტყვიებით, ხოლო წყლის ჭავლი ფინიშზე იყო გამოყენებული. მომიტინგეებს არ მიუღიათ გაფრთხილება, დრო. მეტიც, თუ ამ კუთხით შევხედავთ მოვლენებს და მე მაქვს საფუძველი, ვიყო ეჭვიანი, ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მოატყუა, შეცდომაში შეიყვანა აქციის მონაწილეები. თქვა ეს მეთოდები [რეზინის ტყვიები, გაზი, წყლის ჭავლი] ჩვენი ხელწერა არ არისო და რამდენიმე წუთში დაიწყო იგივე მეთოდებით მომიტინგეთა დაშლა.  თუ ვანო მერაბიშვილმა მოატყუა მომიტინგეები და ყველა გასასვლელი ჩაკეტა (26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ეს არის მერაბიშვილის ბრალდება), მე შემიძლია, ვივარაუდო, რომ ამ ხელისუფლებამაც მოატყუა დემონსტრანტები. ამიტომ, ძალიან პრობლემურია პრემიერ–მინისტრის როლი, რაზეც რატომღაც მსუბუქად საუბრობენ. პრემიერ–მინისტრიც ერთ–ერთი ის ეჭვმიტანილია, რომელიც გამოძიების ობიექტი უნდა იყოს: მოატყუა მომიტინგეები, თავადაც მოატყუეს, თუ როგორც არის საქმე? ჯამში კი ფაქტია, ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი, მას კი კანონით სხვა ვალდებულება ჰქონდა“.    


შს მინისტრი თანამდებობაზე რჩება – სად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი


„ჩემთვის ერთადერთი სიმართლეა ის, რაც შს მინისტრმა თქვა, “ჩემთვის კითხვებზე პასუხების გაცემა აქ [მედიასთან] უფრო რთულია, ვიდრე გამოძიებაშიო“, რადგან გამოძიებაში გაცილებით კომფორტულად იქნება. ეს არ იქნება მისი კრიტიკული დაკითხვა...

მოქმედმა თანამდებობის პირმა რომ მისცეს ჩვენება, აქ საგანგაშო არაფერია. ყველას არ უნდა შევუჩეროთ უფლებამოსილება. აქ სხვა რამაა მთავარი: გიორგი გახარია თანამდებობაზე იქნება თუ არა, ჩვენ ნდობა არ გვაქვს გამოძიების მიმართ. 26 მაისის და 7 ნომებრის მოვლენები იმჟამინდელმა ხელისუფლებამ კი არა, სხვა ხელისუფლებამ გამოიძია. ამიტომ, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებს გამოიძიებს სხვა ხელისუფლება და არა იგივე. 

მეორე, ამ პროკურატურას ის რესურსი არ აქვს, მოქმედ შს მინისტრს წაუყენოს პრეტენზიები. გარდა ამისა, შს მინისტრი, რომელიც ისევ უფლებამოსილებაშია, მართავს საპოლიციო სტრუქტურებს, ხოლო გამოძიებისთვის მტკიცებულებებს საპოლიციო სტრუქტურები მოიპოვებენ. ანუ, ამ პროცესს პროკურატურა პოლიციის მეშვეობით აწარმოებს და თუ რაღაც კითხვები მაინც არსებობს  შს მინისტრთან, ამას მისი საშუალებით იძიებს. სწორედ ამიტომ იკვეთება ინტერესთან კონფლიქტი“,– ამბობს მწარიაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“