მწარიაშვილი: „პრემიერ–მინისტრიც ერთ–ერთი ის ეჭვმიტანილია, რომელიც გამოძიების ობიექტი უნდა იყოს“

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ 20–21 ივნისს  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოძიების ობიექტი უნდა იყოს. 

მწარიაშვილი აქციის დაშლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანმიმდევრობაზე საუბრობს და ეჭვობს, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტები მოატყუა.

„ეს თანმიმდევრობა შემდეგია: ჯერ უნდა გააფრთხილო  უშუალოდ აქციის მონაწილეების და არა ტელევიზიით მათი მშობლები, თუ ნათესავები კურორტებზე და სხვა ქვეყნებში. აქციის მონაწილეებს უნდა მისცე შანსი, დაიშალონ და თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები. ეს პოლიციას არ გაუკეთებია. ამის შემდეგ მომიტინგეებს გაფრთხილებით უნდა მისცე დრო, თუ რა ვადაში უნდა დაიშალონ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოიყენო სპეციალური საშუალება და ისიც ყველაზე ნაკლები სიმძიმის, ანუ წყლის ჭავლი და იმის მიხედვით უნდა გაართულო ღონისძიება, რა შედეგს მიიღებ. კერძოდ, ჭავლის შემდეგ შეგიძლია, გამოიყენო გაზი, შემდეგ არალეტალური იარაღი და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ დაშლის ოპერაცია დაიწყო ქაოტურად, გაზით და რეზინის ტყვიებით, ხოლო წყლის ჭავლი ფინიშზე იყო გამოყენებული. მომიტინგეებს არ მიუღიათ გაფრთხილება, დრო. მეტიც, თუ ამ კუთხით შევხედავთ მოვლენებს და მე მაქვს საფუძველი, ვიყო ეჭვიანი, ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მოატყუა, შეცდომაში შეიყვანა აქციის მონაწილეები. თქვა ეს მეთოდები [რეზინის ტყვიები, გაზი, წყლის ჭავლი] ჩვენი ხელწერა არ არისო და რამდენიმე წუთში დაიწყო იგივე მეთოდებით მომიტინგეთა დაშლა.  თუ ვანო მერაბიშვილმა მოატყუა მომიტინგეები და ყველა გასასვლელი ჩაკეტა (26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ეს არის მერაბიშვილის ბრალდება), მე შემიძლია, ვივარაუდო, რომ ამ ხელისუფლებამაც მოატყუა დემონსტრანტები. ამიტომ, ძალიან პრობლემურია პრემიერ–მინისტრის როლი, რაზეც რატომღაც მსუბუქად საუბრობენ. პრემიერ–მინისტრიც ერთ–ერთი ის ეჭვმიტანილია, რომელიც გამოძიების ობიექტი უნდა იყოს: მოატყუა მომიტინგეები, თავადაც მოატყუეს, თუ როგორც არის საქმე? ჯამში კი ფაქტია, ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი, მას კი კანონით სხვა ვალდებულება ჰქონდა“, – განაცხადა მწარიაშვილმა „აქცენტთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციის დაშლის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე პრემიერმა განაცხადა, რომ "რეზინის ტყვიები და გაზი "ქართული ოცნების" ხელწერა არ ყოფილა და არც იქნებოდა".  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს