TI- 16 დეპუტატს, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან, პარლამენტში არჩევის დღიდან არაფერი უთქვამთ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI- Georgia) პარლამენტის 2018 წლის მუშაობა შეაფასა. ანგარიშში მოხვდა პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ასევე ცალკეული დეპუტატების საქმიანობის შეფასება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეაფასა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაც, რომელიც 2018 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო. ანგარიშში მოხვდა მმართველი პარტიის წევრი დეპუტატების მხრიდან მესამე სექტორის მისამართით “აგრესიული ტონის” გამოყენების ფაქტები: “სამოქალაქო სექტორზე აგრესიული თავდასხმები და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ყველაზე აქტიური და პასიური დეპუტატები

● პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი - ეკა ბესელია

● პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი

● პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან - რომან გოცირიძე

● ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - ხათუნა გოგორიშვილი

● ყველაზე აქტიური კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

● საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

შარშან 93-მა დეპუტატმა გამოიყენა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მათგან ყველაზე აქტიური ანრი ოხანაშვილი იყო. მისი სახელი და გვარი 128-ჯერ დაფიქსირდა საკანონმდებლო ინიციატივაში, მეორე ადგილზე კი ეკა ბესელიაა 110 საკანონმდებლო ინიციატივით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ საანგარიშო პერიოდში აღმოჩნდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 30 დეპუტატს:

● ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა)

● რუსლან გაჯიევს (უმრავლესობა)

● ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა)

● მახირ დარზიევს (უმრავლესობა)

● მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა)

● ცოტნე ზურაბიანს (უმრავლესობა)

● გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა)

● ედიშერ თოლორაიას (უმრავლესობა)


● ზაზა კედელაშვილს (უმცირესობა)

● შალვა კიკნაველიძეს (უმრავლესობა)

● გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა)

● თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა)

● იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა)

● სამველ მანუკიანს (უმრავლესობა)

● სავალან მირზოევს (უმრავლესობა)

● გელა მიქაძეს (ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“)

● ენზელ მკოიანს (უმრავლესობა)

● რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა)

● თამაზ ნავერიანს (უმრავლესობა)

● კობა ნაყოფიას (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“)

● რამაზ ნიკოლაიშვილს (უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი)

● დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა)

● აზერ სულეიმანოვს (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“)

● გიორგი ღვინიაშვილს (უმცირესობა)

● გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა)

● არჩილ ხაბაძეს (უმრავლესობა)

● ფატი ხალვაშს (უმრავლესობა)

● ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა)

● თენგიზ ხუბულურს (უმრავლესობა)

● ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა).

16 დეპუტატს, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან, პარლამენტში არჩევის დღიდან არაფერი უთქვამთ.


გაცდენები პარლამენტში


2018 წლის განმავლობაში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა პარლამენტის 106 წევრი. ამ მივლინებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი კი 1 644 463 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი მივლინება 2018 წელს გიორგი წერეთელს ჰქონდა - 29, რაზეც 126 856 ლარი დაიხარჯა. შემდეგ მოდის ეკა ბესელია, რომელიც 2018 წელს 23-ჯერ იყო მივლინებაში და ამაზე 77 742 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა მიზეზით ხშირია სხდომების გაცდენაც. მათ შორის არის როგორც საპატიო ასევე არასაპატიო მიზეზები. საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით 1879 გაცდენა დაფიქსირდა და მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად პირადი პრობლემები სახელდებოდა.

საპატიო მიზეზით გაცდენებში ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

არასაპატიო მიზეზით გამცდენთა სამეულში კი მოხვდა უმრავლესობის სამი დეპუტატი: კახაბერ ოქრიაშვილმა – 12 სხდომა; სამველ მანუკიანმა – 11 სხდომა; თეიმურაზ კოხრეიძემ – 11 სხდომა. არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო არცერთ პარლამენტის წევრს არ დაუკავდა ხელფასის 10% და მათ არც დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებიათ.

რაც შეეხება მაჟორიტარების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრების რაოდენობას, ყველაზე მეტი, 225 საჯარო შეხვედრა ჩაატარა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ. შემდეგ მოდის თენგიზ ხუბულური უმრავლესობიდან – 151 საჯარო შეხვედრით და ენზელ მკოიანი, ასევე უმრავლესობიდან – 128 საჯარო შეხვედრით.


გამოწვევები 

პარლამენტის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებით არსებული ცალკეული გამოწვევების გარდა, აღსანიშნავია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის პრობლემა, კერძოდ, უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან აგრესიული ტონი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. სამოქალაქო სექტორზე აგრესიული თავდასხმები და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც აღნიშნა 2018 წელს გამოქვეყნებულ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ  ანგარიშში.

ზედამხედველობის განხორციელება

●       მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს უფრო მეტად პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ, ვიდრე  რეალური კონტროლის განსახორციელებლად; 

●       პარლამენტის წევრების კითხვების უმეტესობა კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა. პარლამენტის წევრები საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს არ იყენებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლისათვის;

●       ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საანგარიშო პერიოდშიც  არასრული იყო;

●       აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პარლამენტის კომიტეტების სხდომებს და პარლამენტს პერიოდულად წარუდგენდნენ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა სხდომებს მეტწილად არა მინისტრები, არამედ მათი  მოადგილეები და უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ;

●       პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp