საქართველოსადმი უარყოფითად რუსეთში გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ია განწყობილი

რუსეთის ფონდ "საზოგადოებრივი აზრის" მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოსადმი უარყოფითად რუსეთში გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 8%-ია განწყობილი, 48%-ს ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, ხოლო 37%-ს - დადებითი. 

საქართველოსადმი დადებითად განწყობილთა შორის 9%-მა განაცხადა, რომ რომ ამ კავკასიურ რესპუბლიკაში კარგი და სტუმართმოყვარე ადმიანები ცხოვრობენ, რომლებიც რუს ტურისტებს სიკეთით ხვდებიან. რესპონდენტთა ამავე კატეგორიიდან 7%-მა განაცხადა, რომ საქართველოსადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი უბრალოდ არ გააჩნია. 

თავის მხრივ, საქართველოსადმი უარყოფითად განწყობილმა რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ამ ქვეყანაში რუსეთისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნიათ, რომ საქართველოში ცხოვრობენ "უმადური ადამიანები და მოღალატეები", ან მათ საქართველო უბრალოდ არ მოსწონთ. 

ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოგზაურობის სურვილის მქონეთა და არმქონეთა რაოდენობა თითქმის თანასწორია - შესაბამისად 42 და 41 პროცენტი.   

გარდა ამისა, რესპონდენტთა უდიდესმა ნაწილმა - 71%-მა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობები მნიშვნელოვანია როგორც მოსკოვისთვის, ისე თბილისისთვის; 19%-მა - რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ხოლო 3%-მა - რუსეთისთვის. 

მთლიანობაში გამოკითხულთა 56% თვლის, რომ 5-10 წელიწადში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მოგვარდება, სკეპტიკურად ამ მხრივ მხოლოდ 7%-ია განწყობილი, 36%-ს კი კითხვისთვის პასუხის გაცემა უჭირს.  

რაც შეეხება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ კრემლის გადაწყვეტილებას, ამ საკითხთან დაკავშირებით რესპონდენტთა 39% თვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, გამომდინარე რუსი ტურისტების უსაფრთხოების ინტერესებიდან, მაგრამ 32% ამ გადაწყვეტილების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი და განმარტავს, რომ მან რიგით მოქალაქეებს დაარტყა. 

ფონდ "საზოგადოებრივი აზრის" კვლევა 6-7 ივლისს რუსეთის ფედერაციის 53 სუბიექტში ჩატარდა და მის ფარგლებში ჯამში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp