აფხაზ დე ფაქტო სამართალდამცველებს დაკითხვისას დაკავებული შემოაკვდათ

აფხაზ დე ფაქტო სამართალდამცველებს დაკითხვისას ტყვარჩელის მკვიდრი ანზორ თარბა შემოაკვდათ. 

თარბა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სავარაუდოდ, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა. 

ამ შემთხვევას აფხაზურ საზოგადოებასა და სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში ფართო გამოხმურება მოჰყვა. 

კომენტატორების ნაწილი სამართალდამცველების გამართლებას იმით ცდილობს, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, თარბა კავშირში იყო დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელმაც თავის დროზე ოკუპირებული რეგიონის მკვიდრი ომარ მირცხულავა გაიტაცა. 

კომენტატორთა მეორე ნაწილი კი, სამართალდამცველთა მხრიდან წამებასა და ძალადობას მკაცრად გმობს და მიუთითებს, რომ მოქალაქეებს სასამართლო უნდა ასამართლებდეს და არა გამომძიებლები. 

ამ შემთხვევას ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველი ასიდა შაკრილიც გამოეხმაურა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში წამების პრაქტიკის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს. 

დე ფაქტო სახალხო დამცველის ინფორმაციით, თარბა შს გულრიფშის რაიონული განყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორის ერთ-ერთ კაბინეტშია დაღუპული. 

"იმის შესახებ, რომ დაკავებულთა მიმართ ძალადობის გამოყენება ხშირი პრაქტიკაა, უკვე დიდი ხანია, გვესმის, თუმცა როგორც წესი, ამის შესახებ ხმამაღლა არც დაზარალებულები და მათი ახლობლები, არც ცხადია, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგნლები საუბრობენ, ამიტომაც შემთხვევების უდიდესი ნაწილი გამოუძიებელი რჩება, მოვითხოვ, დროებითი მოთავსების ადგილებში ძალადობისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული გამოძიება დაიწყოს" -  აცხადებს ასიდა შაკრილი. 

ამ დროისთვის არც დე ფაქტო შს-ს, არ პროკურატურას მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თარბას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო შემოწმება ტარდება.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp