სომეხი დეპუტატები რუსებს, ქართველებსა და აფხაზებს რკინიგზის საკითხზე სასაუბროდ ერევანში იწვევენ

განათლებული სომხეთის” წევრ დეპუტატებს სურთ, რუსეთის, საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები “ალტერნატიული დერეფნის საკითხის განსახილველად” ერევანში მიიწვიონ. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის აღნიშნული ფრაქციის წევრმა არმენ ეღიაზარიანმა ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

სპუტნიკ სომხეთის” ინფორმაციით, ეს თემა ფრაქციის წევრებმა რუსულ დელეგაციასთან განიხილეს, რომელსაც სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ხელმძღვანელობდა.

"ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, ალტერნატიული გზაა, კერძოდ რკინიგზა. არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომ ჩვენი ფრაქციის მხრიდან ინიცირებული იქნება შეხვედრა საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთის და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ეღიაზარიანმა.

სომხეთი, მისი თქმით, მსგავსი შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიას წარმოადგენს და “რა გადაწყვეტილებებია შესაძლებელი ამ საკითხში - სამომავლო განხილვები გვიჩვენებს”.

თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული კრების რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ბლოკ “ჩემი ნაბიჯის” წევრმა დეპუტატმა არმენ ფამბუხჩიანმა აღნიშნა, რომ მხარეებმა საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიული SGS-ის წარმომადგენლების 7 თებერვლის სამმხრივი შეხვედრის შედეგად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

"კალაშნიკოვმა მიანიშნა, რომ განხილვა არ წყდება, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის მარშრუტთან დაკავშირებით", - განაცხადა ფამბუხჩიანმა.

ზღვა, მისი თქმით, “კვლავინდებურად განიხილება სომხეთისთვის ალტერნატიულ გზად, - იქნება ეს ფოთი-ნოვოროსიისკი, თუ დერეფანი კასპიის ზღვისა და ირანის გავლით”.

რუსმა კოლეგებმა ალტერნატივის პოვნის საკითხში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ალტერნატიული საზღვაო გადაზიდვების ხელშეწყობის მიმართულებით. ორი ქვეყნის დეპუტატებმა გამოხატეს მზადყოფნა, აღმასრულებელ ხელისუფლებებთან საკითხების გადაწყვეტისას შუამდგომლობა გასწიონ”- იუწყება”სპუტნიკ სომხეთი”.

იხილეთ ასევე: სომეხი და ოსი სეპარატისტების ერთობლივი თამაშები: ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ერევანს? 

რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმება: მითიური და რეალური რისკები

ცნობისთვის: 27 თებერვალს პრაღაში საქართველოს სპეცწარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "სპუტნიკს" აცნობა.

"ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, ძირითადად ესაა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხები, ზოგიერთი ჰუმნიტარული პრობლემა. ვისაუბრებთ 2011 წლის ხელშეკრულების რეალიზებაზეც" - განაცხადა აბაშიძემ.

აღნიშნულს წინ უძღოდა საქართველო-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჟენევაში, რომლის შესახებაც ამ დრომდე მწირი ინფორმაციაა ცნობილი.

"ჟენევაში 6 თებერვალს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა. შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები. ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) შეხვედრის განმავლობაში მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენება წარმოადგინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა ახლადშექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება"- ნათქვამია პირველი შეხვედრის შემაჯამებელ ოფიციალურ განაცხადებაში, რომელიც ქართული მხრიდან მასში მონაწილე ერთ-ერთმა სახელმწიფო უწყებამ -  შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა