ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე სააკაშვილს ხულოელებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხულოელებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ნაკაიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „აქცენტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონმა სააკაშვილმა ხოლოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ფსიქიატრიულები, რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“

ვფიქრობთ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თითქოსდა თანასწორობის იდეებს უჭერდა მხარს, ეს დამოკიდებულება მკვეთრად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ჩამორჩენილად, ნაკლებად ცივილიზებულად მონიშვნას ახდენს.

მის განცხადებაში მითითება "სუნის" თაობაზე ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ჩანდა.

ბატონო მიხეილ მინდა შეგახსენოთ, რომ ხულოს არამარტო სამხატვრო გალერეა, არამედ თეატრი, რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსაბლი და მათ შორის საქართველოში ანალოგის არ მქონე ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბერმუხა“ ჰყავს, რომლის წევრები (80 წელს გადაცილებული ბაბუები) თითქმის საუკუნეა საკუთარი ღვაწლით ინახავენ ქართულ ფოლკლორს.

შეგახსენებთ ასევე, ხულოელებმა საუკეთესოდ ვიცით ქართლი ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის ფასი და ის ისტორიულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამგვარი მითითებები საჯარო პირების მხრიდან ჩვენი ღირსების შელახვას იწვევს.

ბატონო მიხეილ, თქვენ ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეთ, თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ხულოელებს“.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანზორ ბოლქვაძე „დეგრადირებული დეპუტატია“ და მან ხულოში სამხატვრო გალერეა ცოლის დასასაქმებლად შექმნა. 

"არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან", – განაცხადა სააკაშვილმა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp