რიჟვაძე: „სააკაშვილმა ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ეხლაც კაცურ პასუხს გავცემთ“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიუნხენში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას „ფარჩაკს“ უწოდებს.

„ვერ ვმალავ განაწყენებას, რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავცემთ ადეკვატურ პასუხს მათ 19 რიცხვში და ზოგადად. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე, როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ", - განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანზორ ბოლქვაძე „დეგრადირებული დეპუტატია“ და მან ხულოში სამხატვრო გალერეა ცოლის დასასაქმებლად შექმნა. 

"არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან", – განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp