ერდოღანი: „შექმნილ ვითარებაში ეს ტრამპს სჭირდება შუალედური პოზიციის გამონახვა“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა S-400–ების შეძენის გამო აშშ–ის პრეზიდენტს შეუძლია, ანკარას სანქციები დაუწესოს, თუმცა „შექმნილ ვითარებაში ეს დონალდ ტრამპს სჭირდება შუალედური პოზიციის გამონახვა“. 

„პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს. ვფიქრობ, ტრამპმა უნდა გამონახოს შუალედური პოზიცია ამ ვითარებაში. ეს მას სჭირდება. სადღეისოდ მიმაჩნია, რომ ჩვენს წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ტრამპის მოსაზრება განსხვავდება მისი ქვეშევრდომების მოსაზრებებისგან. რუსული S-400–ების შეძენით თურქეთი ომისთვის არ ემზადება. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და მშვიდობა“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული S-400–ების შეძენის გარდა ანკარას სურს, მოსკოვთან ერთად თავდაცვის სისტემები აწარმოოს.

„რუსული S-400–ებით დატვირთული 8 თვითმფრინავი უკვე მივიღეთ, ახლა ჩვენს მიზანს სისტემების რუსეთთან ერთობლივი წარმოება წარმოადგენს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ“,– განაცხადა ერდორანმა.

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ–ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ–მა თურქეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ S-400–ების შეძენის შემთხვევაში შესაძლოა, სანქციები დაუწესოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp